„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე საარჩევნო უბანზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ, მან დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თბილისში, ისნის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ უბანზე იგეგმება პროვოკაციის მოწყობა, თუმცა რა ფორმით ეს ჯერ არ ვიცი. იქ ერთ-ერთ უბანზე აქვთ კონცენტრაცია და ცდილობენ, რომ არეულობის ფონი შექმნან. ასე რომ ყველა ინფორმაცია ხელთ გვაქვს და წინასწარ ვაფრთხილებთ საზოგადოებას“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ, ინფორმაცია საზოგადოებას არჩევნების პირველ ტურამდეც მიაწოდეს. „ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ყველა პუნქტი იყო მართალი და ამაში ჟურნალისტებიც და საზოგადოებაც დარწმუნდა“, - განაცხადა მდინარაძემ.
დღეს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, ოფიციალური განცხადებების თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ სიტყვიერი უარის მიუხედავად, ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.