გიორგი ვოლსკი: ბოიკოტი უპატივცემულობაა საკუთარი ამომრჩევლისა და ქვეყნის მიმართ

გიორგი ვოლსკი: ბოიკოტი უპატივცემულობაა საკუთარი ამომრჩევლისა და ქვეყნის მიმართ

„ქართული ოცნების“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

იგი 35-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ვოლსკის განცხადებით, იგი მხარს ქვეყნის სტაბილურობას უჭერს. დეპუტატობის კანდიდატმა ასევე ოპოზიციის ბოიკოტზეც ისაუბრა.

„ბოიკოტი უპატივცემულობაა საკუთარი ამომრჩევლისა და ქვეყნის მიმართ. გაცილებით მეტი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ის რეალური სიტუაცია, რომელიც ზედაპირზე თითქოსდა ჩანს. მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც შემოკრებილია „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, მიზანმიმართულია, როგორმე შექმნას გაცილებით უფრო რთული სიტუაცია, ვიდრე ქვეყანას აქვს. ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც იგი გამოხატავს, არამარტო იმ საზოგადოების მიმართ, უმრავლესობის მიმართ, რომელიც მათ ხმას არ უჭერს, არამედ თავისი მხარდამჭერების მიმართ. სამწუხაროა, რომ საინფორმაციო ველი მნიშვნელოვანწილად შევსებულია, არასწორი ინფორმაციით.

არც ჩვენ ვაპირებთ დათმობას, არა ჩვენი პოზიციის, არამედ საზოგადოების პოზიციის დათმობას. არ შეიძლება, რომ უღალატო ადამიანებს, რომლებიც აქ დგანან და მიდიან არჩევნებზე და ზუსტად იციან, სად არის სიმართლე და რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ვინც დღეს ამაში არ არის გარკვეული, იმის წინაშეც არის გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც ჩვენ უნდა გვქონდეს. ასე რომ, პოლიტიკურ სასწორზე დავდებთ იმ უხერხულობას, რომელიც, ერთი მხრივ, მართლაც შექმნილია და მეორე მხრივ, ქვეყნის წარმატებას და სტაბილურობას, მე არამგონია დიდი არჩევანი გვქონდეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 8.29%-მა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში - 11.4%, ხოლო ყველაზე დაბალი საბურთალოს ოლქში - 6.2%.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.