„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ოპოზიცია მზადაა, იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული, მთავრობა კი „გონივრულ კომპრომისზე“ უნდა წავიდეს.
„დიალოგის ფარგლებში, მთავრობამ უნდა დადოს გონივრული კომპრომისი, როგორ და როდის ჩატარდეს ახალი არჩევნები. ოპოზიცია მზად არის, იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული, ცხადია, იმისთვის, რომ საზოგადოების ნების გამომხატველი არჩევნები ჩატარდეს ახლო მომავლში“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.