საბჭოთა წარსულს გვაგონებს მათი ნაბიჯები, რაც მათ 2016 წლის მე-2 ტურსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტურში გადადგეს. როგორც ამერიკელები ამბობენ, ეს არის ნანახი კინო და იმედი მაქვს, რომ 2024 წელსაც იმავე კინოს არ ანახებენ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მე-2 ტურისთვის კანდიდატურის მოხსნა არ შეიძლება და აქედან გამომდინარე, ეს არის მარტივი სპეკულაცია, რასაც მიმართავენ.
„როგორც ჩანს, ოპოზიციამ ამ შემთხვევაშიც ვერ ჩახედა საარჩევნო პროცესს, იგივე პრობლემა ჰქონდათ მათ საჩივრების შეტანის დროსაც. მათ მიერ შეტანილი საჩივრების თითქმის 99 პროცენტი პირველი ტურის დროს, იყო შეტანილი არაუფლებამოსილი პირების მიერ. აქაც იგივესთან გვაქვს საქმე, არ ვიცი, ეს არაკომპეტენტურობაა თუ რაღაც შეგნებული ნაბიჯი, მათ ძალიან კარგად იციან, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მე-2 ტურისთვის კანდიდატურის მოხსნა არ შეიძლება, აქედან გამომდინარე, ეს არის მარტივი სპეკულაცია, რასაც მიმართავენ, ან საარჩევნო კოდექსი ვერ წაიკითხეს, ან არის უხეში სპეკულაცია, რაც მიუღებელია.
ყველა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მონაწილეობს 2 კანდიდატი, ეს არის „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის კანდიდატი. საბჭოთა წარსულს გვაგონებს მათი ნაბიჯები, რაც მათ 2016 წლის მე-2 ტურში და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტურში გადადგეს. როგორც ამერიკელები ამბობენ, ეს არის ნანახი კინო და იმედი მაქვს, რომ 2024 წელსაც იმავე კინოს არ ანახებენ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.