2021 წლის ზაფხულში ჯ. რ. რ. ტოლკინის აქამდე გამოუქვეყნებელი ნაწერების კოლექციის გამოცემა იგეგმება. ესეების კრებული შუახმელეთის სამყაროზე მოგვითხრობს და უამრავ სხვადასხვა თემას შეეხება, დაწყებული ელფური რეინკარნაციით და დამთავრებული იმით, თუ რომელ პერსონაჟებს ჰქონდათ წვერები.
ახალ კრებულს შუახმელეთის ბუნება (The Nature of Middle-earth) ერქმევა და მას ივნისში Harper Collins გამოსცემს, რომელიც მკითხველს ჰპირდება, რომ კრებული მათ "სილმარილიონის, დაუსრულებელი მოთხრობებისა და ბეჭდების მბრძანებლის სამყაროში დააბრუნებს". გამომცემლობას აქამდე ტოლკინის არაერთი უცნობი ნამუშევარი აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის ჰურინის შვილები, ბერენი და ლუთიენი და გონდოლინის დაცემა.
ტოლკინის შუახმელეთის სამყაროს პირველი ამბავი ჰობიტი 1937 წელს გამოიცა, ბეჭდების მბრძანებელი კი მას 1954 და 1955 წლებში მოყვა. მიუხედავად ამისა, Harper Collins-ის ხელმძღვანელი კრის სმიტი ამბობს, რომ ავტორმა შუახმელეთის შესახებ წერა მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც განაგრძო.
"მისთვის შუახმელეთი უზარმაზარი სამყაროს ნაწილი იყო, რომელიც ჯერ კიდევ გამოსაკვლევი ჰქონდა. შუახმელეთის ბუნებაში ასახულია ის მოგზაურობები, რომლებიც მან თავისი უნიკალური ქმნილების უკეთ გასაგებად აწარმოა", — ამბობს სმიტი.
სმიტი ამბობს, რომ ახალი კრებული არის "ნამდვილი საგანძური, რომელიც მკითხველს იმის საშუალებას აძლევს, ზუსტად აღმოჩენის გაკეთების მომენტში გადაიხედოს პროფესორი ტოლკინის მხარს იქით: და თითოეულ გვერდზე შუახმელეთი კიდევ ერთხელ საოცრად ცოცხლდება".
კრებულში შესულ თემებს შორისაა ელფების უკვდავობა და რეინკარნაცია; შუახმელეთის ღვთისებრი სულების, ვალარის, ბუნება; ნუმენორის მიწები და მხეცები; გონდორის სამეფოს გეოგრაფია; და ისიც კი, თუ ვის ჰქონდა წვერები. ფანებში დიდი ხნის განმავლობაში იყო დავის საგანი ის, თუ რამდენად შეეძლოთ ელფებს, ჰობიტებსა და თვით ჯუჯა-ქალებსაც კი წვერის გაზრდა.
ნაწერების რედაქტორი კარლ ფ. ჰოსტეტერი იქნება — ტოლკინის ექსპერტი და "ელფური ენათმეცნიერული საძმოს" ხელმძღვანელი, რომელიც 1985 წლიდან მოყოლებული ნასას კომპიუტერული ინჟინერია. ჰოსტეტერი აქამდე ტოლკინის ნაშრომებზე მწერლის უმცროს შვილთან, კრისტოფერთან, ერთად მუშაობდა.