გამოცემის პირველივე დღეს, მხოლოდ 24 საათში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, მემუარები — აღთქმული მიწა — 887 000-იანი ტირაჟით გაიყიდა. გამომცემლის, Penguin Random House-ის ცნობით, რიცხვი ასევე მოიცავს წინასწარ შეკვეთილ ეგზემპლარებსა და სხვადასხვა ფორმატის გამოცემას აშშ-სა და კანადაში.
"მოხარულნი ვართ, გაცნობოთ პირველი დღის გაყიდვები", — ამბობს დევიდ დრეიკი, გამომცემლობის იმპრინტის, Crown-ის, წარმომადგენელი, — "რიცხვი იმ უზარმაზარ აღტაცებას ასახავს, რომელიც მკითხველებს პრეზიდენტ ობამას გამორჩეულად დაწერილი წიგნის მიმართ აქვთ".
წიგნი N1 ბესტსელერად იქცა ონლაინმაღაზია Amazon-ისა და წიგნების უდიდესი მაღაზია Barnes & Noble-ის გვერდებზეც. ამ უკანასკნელის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, გამოცემის პირველ დღეს მაღაზიათა ქსელში 50 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა და ფიქრობენ, რომ 10 დღის განმავლობაში რიცხვი ნახევარ მილიონსაც კი გადააჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი რეკორდულია გამომცემლობისთვის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ობამას წიგნი ყოფილი პრეზიდენტების მიერ თანამედროვე ხანაში დაწერილი წიგნებიდან ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი იქნება.
შედარებისთვის, ბილ კლინტონის დაწერილი ჩემი ცხოვრება, ჩრდილოეთ ამერიკაში გამოცემის პირველ დღეს 4000-ათასიანი ტირაჟით გაიყიდა, ჯორჯ ბუშის გადამწყვეტი წერტილები კი, დაახლოებით, 220-ათასიანით. ამ დრომდე გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობა პირველი მათგანისთვის 3,5 მილიონია, მეორესთვის კი 4 მილიონი.
მიუხედავად რეკორდების მუდმივი ცვალებადობისა, პირველ დღეს გაყიდული წიგნების რაოდენობით ჯოან როულინგი კვლავ პირველია — ჰარი პოტერის მეშვიდე, დასკვნითი ნაწილი, რომელიც 2007 წელს გამოიცა, პირველი 24 საათის განმავლობაში 8-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.
ობამას 768-გვერდიანი წიგნი საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი კვირის თავზე გამოიცა და იგი აშშ-ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის მმართველობისას განხორციელებულ ისეთ საკვანძო საქმეებს შეეხება, როგორიც, მაგალითად, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ობამას განცხადებით, თავად არ დაუგეგმავს წიგნის გამოცემის არჩევნებისთვის დამთხვევა, იგი საკუთარ ტექსტში ტრამპზეც თამამად საუბრობს.
წინასიტყვაობაში, რომელიც 2020 წლის აგვისტოში დაიწერა, ობამა ამბობს, რომ "წიგნი მოცულობაში იმატებდა, რადგან აღმოაჩინა, რომ მეტი სიტყვა იყო საჭირო". ასევე, მისი თქმით, ისეთ პირობებში მოუწია, მუშაობა, რასაც არ ელოდა — ჯერ კორონავირუსის პანდემია, შემდეგ კი მოძრაობა "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია". მისი თქმით, წლეულს აშშ-ის დემოკრატია "ბეწვის ხიდზე გადის“.
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს, რომელიც ქვეყანას 2009 წლიდან 2017 წლამდე მართავდა, გაპრეზიდენტებამდე გამოცემული აქვს ორი ბესტსელერი — მამაჩემის ოცნებანი (1995) და იმედის კადნიერება (2006).
აღსანიშნავია, რომ მემუარები დაწერილი აქვს ობამას ცოლს და აშშ-ის ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ობამასაც. 2018 წელს გამოცემული Becoming, გამოცემის პირველ დღეს 725-ათასიანი ტირაჟით გაიყიდა, დღესდღეობით კი 2 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.