კვენტინ ტარანტინომ გადაწყვიტა იმ სფეროში მოსინჯოს ძალები, რომელსაც კინორეჟისორი ფილმების წიგნად ქცევის "ხშირად გარიყულ, თუმცა ბევრისთვის საყვარელ ქვეჟანრს" უწოდებს. ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული რეჟისორი საკუთარი ფილმის — ერთხელ ჰოლივუდში — მიხედვით წიგნს დაწერს.
ტარანტინომ გამომცემლობა Harper Collins-თან ორწიგნიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი დაწერილი წიგნი 2021 წლის 29 ივნისს გამოიცემა. გამომცემლის თქმით, შექმნილი ტექსტი "ერთბაშად მხიარული, ბრუტალური და გემრიელად საკითხავია".
ტარანტინოს თქმით, ფილმის წიგნად ქცეული ადაპტაციები პირველი ზრდასრულთა ლიტერატურა იყო, რომელიც მან 1970-იან წლებში წაიკითხა.
"ახლა ამ ჟანრთან უდიდესი სიყვარული მაკავშირებს", — ამბობს რეჟისორი, — "ასე რომ, როგორც ფილმის ადაპტაციების გულმხურვალე ფანი, ამაყად გაცნობებთ, რომ ერთხელ ჰოლივუდში წიგნად იქცევა, როგორც ჩემი მცირედი წვლილი ამ ხშირად გარიყულ, თუმცა ბევრისთვის საყვარელ ლიტერატურულ ქვეჟანრში. ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ ჩემს პერსონაჟებსა და მათ სამყაროს უკეთ გავიცნობ ლიტერატურაში ბედის ჩემეული მცდელობით, რაც (იმედია) კინემატოგრაფიაში გასინჯულ კბილზე არანაკლები იქნება".
გარდა საკუთარ ფილმზე შექმნილი რომანისა, ტარანტინო მეორე წიგნის — კინოვარაუდის — გამოქვეყნებასაც აპირებს, რომელიც არამხატვრული ტექსტია და წარმოადგენს "1970-იანი წლების ფილმების ღრმა განხილვას ესეებში, რეცენზიებსა და პირად წერილებში". მასში ასევე თავმოყრილი იქნება "კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი რეჟისორისა და გულშემატკივრის ვარაუდები და სიუჟეტების ალტერნატიული ვარიაციები".
Harper Collins-ის ვიცე-პრეზიდენტისა და მთავარი რედაქტორის, ნოა იკერის თქმით, "ტარანტინოს ლიტერატურული ნიჭი ნაწერის პირველივე გვერდებზე ნათლად ჩანს, თუმცა იმის დანახვა, თუ როგორ ოსტატურად აყალიბებს იგი საკუთარ პერსონაჟებს ფურცელზე და როგორ აოცებს მკითხველს გამუდმებით ყოველ შემდეგ გვერდზე, ორიგინალური ფილმის მოყვარულსაც კი აღიარებინებს უბადლო მთხრობელის მცდელობას, იპოვოს ახალი ფორმა და მისით გადმოსცეს სათქმელი".