ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე „სირცხვილის დერეფნები“ მაინც მოეწყობა

ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე „სირცხვილის დერეფნები“ მაინც მოეწყობა

აჭარაში „სირცხვილის დერეფნებთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება და პროტესტის ეს ფორმა მიმართული იქნება იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ და შესაბამის განცხადებას უმაღლეს საარჩევნო კომისიასა და ცესკოში დღეს შეიტანენ.

როგორც ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, არჩევნები გაყალბდა, მეორე ტური არის ფარსი და მასში მონაწილეობას ის არ მიიღებს.

„ყველამ იცის, რა სპეცოპერაცია ჩაატარეს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, ოთხნი დავრჩით მაჟორიტარობის კანდიდატები - მე, მიშა ბოლქვაძე, გია აბუაძე და გიორგი კირთაძე. დღეს ოთხივე ოფიციალურად მივმართავთ უსკოსა და ცესკოს განცხადებით, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას მეორე ტურში. მივმართავთ ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს მხარდამჭერს და მივუწოდებთ, მეორე ტურზე არ მივიდნენ, იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა. რაც შეეხება სირცხვილის დერეფნებს, გიდასტურებთ, კი გაკეთდება სირცხვილის კორიდორები, მაგრამ გაკეთდება იმ ადამიანებისთვის, ვინც გააყალბა ეს არჩევნები. ამის შესახებ ხვალ დილით ყველა ოპოზიციური პარტია შევჯერდებით და დეტალებს მოგახსენებთ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციის პირობებში და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა ვარშალომიძემ.

Aburjga Tasmanieli ის დერეფნები თუ მოეწყობა, დერეფნის მომწყობები კანონგარეშედ დაიყენებენ თავს და არჩევნებზე მისულებს სრული უფლება ექნებათ თავიანთი შეხედულებებისამებრ დასაჯონ! ანუ ცხვირპირი გაუერთიანონ!
4 წლის უკან
maia dadia სირცხვილი თვითონ ხარ,სამწუხაროდ! კარგი ოჯახის სირცხვილი!
4 წლის უკან