რამდენად შეჭამდა მოხარშულ დედალს ჯორჯ კლუნი საკუთარი მეგობრისთვის, არ ვიცით, თუმცა ხელგაშლილობას რომ არ უჩივის, ფაქტია.
59 წლის მსახიობმა დაადასტურა, რომ 2013 წელს თავის 14 უახლოეს მეგობარს, მათ მიმართ გამოხატული მადლიერების ნიშნად, მილიონ-მილიონი დოლარი გადასცა.
"უბრალოდ, ვიფიქრე, რომ თუ ქუჩაში გავლისას ავტობუსი დამარტყამდა, ისინი ანდერძით მაინც გაინაწილებდნენ ჩემს ქონებას. ასე რომ, რა საჭირო იყო, ავტობუსის დარტყმას დავლოდებოდი?", — განაცხადა კლუნიმ.
კლუნის საუკეთესო მეგობარი და მსახიობის კუთვნილ ფირმა Casamigos-ის ბიზნესპარტნიორი, რენდი გერბერი, პირველი იყო, ვინც ამბის შესახებ მოჰყვა. მისი თქმით, ოსკაროსანმა მსახიობმა ყველა მეგობარი ვახშმად მიიწვია და თითოეულ მათგანს ჩემოდანი გადასცა. როგორც აღმოჩნდა, ჩემოდანში $1 მილიონი ნაღდი ფული იყო.
როგორც კლუნი აღნიშნავს, იმ დროისათვის მას ცოლი ან შვილები არ ჰყავდა და არ ეგონა, თუკი ოდესმე ოჯახი ექნებოდა.
"და მე ვიფიქრე, რაც ნამდვილად გამაჩნია, ეს ის ადამიანები არიან, ვინც უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში ასე თუ ისე მეხმარებოდნენ", — ამბობს მსახიობი, — "როცა სულიერად გატეხილი ვიყავი, მათ დივნებზე მეძინა. როცა არაფერი გამაჩნდა, ისინი მაძლევდნენ ფულს. ამ წლების განმავლობაში ისინიც მეხმარებოდნენ და მეც ვეხმარებოდი მათ... და ვთქვი, მათ გარეშე, ეს ყველაფერი არ მექნებოდა".
საკუთარი პირადი ცხოვრებისადმი პესიმისტური დამოკიდებულების მიუხედავად, მსახიობი 2014 წელს ადვოკატ ამალ ალამუდინზე დაქორწინდა, 2017 წელს კი წყვილს ტყუპი — ალექსანდერი და ელა — შეეძინა.
როგორც კლუნი აღნიშნავს, თავისმა ცოლმა სამყარო ჩამოუნგრია.
"მეგონა, არასდროს დავქორწინდებოდი და შვილებიც არასდროს მეყოლებოდა", — იხსენებს იგი, — "ვფიქრობდი, მუშაობას განვაგრძობ და შესანიშნავი მეგობრები ისედაც მყავს, ჩემი ცხოვრება ამით სრულია და ყველაფერი შესანიშნავად მიდის-მეთქი. და ვერ ვხვდებოდი, რამდენად უსრული იყო ჩემი ცხოვრება, სანამ ამალს შევხვდებოდი.
"მაშინ გავიფიქრე, აშკარად დიდი ცარიელი სივრცე იყო-მეთქი. არასდროს მიგრძნია, რომ სხვისი სიცოცხლე ჩემთვის ბევრად მეტს ნიშნავდა, ვიდრე საკუთარი. და შემდეგ ორი პატარაც დაიბადა, რომელთაც გამოკვება სჭირდებათ", — დასძენს კლუნი.
მსახიობის გრძნობები ცალმხრივი ნამდვილად არაა. 2018 წელს ამალ კლუნიმ Vogue-ს განუცხადა, რომ ჯორჯის შეყვარება "სამყაროში ყველაზე ბუნებრივი რამ იყო".