პრინცესა დაიანას ახლო მეგობარი, პენი ტორტონი, ახალ დოკუმენტურ ფილმში დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს.
სენსაციურად შეფასებული ფილმი The Diana Interview: Revenge of a Princess (ინტერვიუ დაიანასთან — პრინცესას შურისძიება) ინგლისის სატელევიზიო არხზე ხუთშაბათს, 12 ნოემბერს გამოვიდა, BBC-სთან დაიანას ცნობილი ინტერვიუდან ზუსტად 25 წლის შემდეგ.
ტორტონის თქმით, "ზღაპრულ ქორწილის" წინა ღამეს, ჩარლზმა დიანას უთხრა, რომ არ უყვარდა:
"ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი რამ, რაც დაიანას ჩემთვის უთქვამს, ჩარლზის წინასაქორწინო სიტყვებია, რომ მას ის არ უყვარდა. ჩემი აზრით, ჩარლზს სურდა, ქორწილი ყალბ მოლოდინებზე არ ყოფილიყო აგებული და დაიანა წინასწარ შეგუებოდა რეალობას, თუმცა ამ სიტყვებმა მას გული გაუტეხა. ამ სიტყვების მერე იმასაც კი ფიქრობდა, რომ ქორწილს არ დასწრებოდა".
1995 წელს გასულ ბიბისის ინტერვიუში, დაიანამ გაამჟღავნა, რომ ქორწინების პარალელურად, მასაც და ჩარლზსაც სხვა ადამიანებთანაც ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა. ჩარლზი ყოფილ შეყვარებულს, კამილა პარკერს ხვდებოდა, რამაც საბოლოოდ 1992 წელს წყვილის დაშორება გამოიწვია. ამჯერად პარკერი პრინცი ჩარლზის ცოლი და კორნუელის ჰერცოგინიაა.
ჟურნალისტის, მარტინ ბაშირის კითხვაზე, იყო თუ არა განქორწინების მიზეზი კამილა პარკერი, დაიანამ მიუგო:
"ამ ქორწინებაში სამი ადამიანი ვიყავით, ასე რომ ცოტა ხალხმრავლობას ვრგძნობდი".
ინტერვიუ განქორწინებიდან 3 წლის შემდეგ ჩაწერეს და დაიანამ ასევე თქვა, რომ მოგვიანებით მასაც ჰქონდა ურთიერთობა ბრიტანეთის ყოფილ საზღვაო ოფიცერთან, ჯეიმს ჰიუტთან. კითხვაზე, უღალატა თუ არა ჩარლზს მასთან, დაიანამ მიუგო:
"კი, მე მას ვაღმერთებდი, მე ის მიყვარდა".
ამ ინტერივუდან ცოტა ხანში დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა პრინცესა დაიანას "მისი სამეფო უდიდებულესობის" ტიტული ჩამოართვა და მხოლოდ უელსის პრინცესის წოდება შეუნარჩუნა. 1997 წელს, დაიანა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც მის მანქანას პაპარაცები მისდევდნენ. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ადგილზე მყოფი სასწრაფო დახმარების ექიმის იხსენებს, მისი ბოლო სიტყვები "ღმერთო, რა მოხდა?" იყო.