ბელ-ეირის პრინცი ბრუნდება — ამის შესახებ, თავად პრინცმა, უილ სმიტმა, აცნობა გულშემატკივრებს და თრეილერთან ერთად სპეციალური გადაცემის პრემიერის თარიღიც გაგვიზიარა.
სიტკომი 1990 წლიდან ექვსი წლის განმავლობაში იკავებდა სატელევიზიო სივრცეს. წლევანდელ შემოდგომაზე განსაკუთრებული გადაცემის დაანონსების შემდეგ კი ფანების მრავალრიცხოვანი არმია საყვარელი გმირების გაერთიანებასა და ეკრანზე კვლავ ხილვას მოუთმენლად ელოდა.
სმიტმა იუთუბზე გასულ კვირას განათავსა ვიდეო, რომელიც რამდენიმე საათში მოგროვებული 250 ათასი ნახვით მალევე მოექცა ტოპ-ტრენდებში.
"თქვენ მზად არ ხართ ამ თრეილერისთვის", — ამბობს სმიტი ვიდეოს დასაწყისში, — "შეუძლებელია, ამ თრეილერისთვის მზად იყოთ. მადლიერების დღეს გილოცავთ".
დღე, როცა სპეციალური გადაცემის პრემიერას უნდა ველოდოთ, მსახიობის თქმით, 19 ნოემბერია — როცა სატელევიზიო შოუს 30 წლის იუბილის აღსანიშნავად HBO Max-ზე დიდი დაბრუნება იგეგმება.
ვიდეოში ასევე ჩნდებიან სერიალში მონაწილე მსახიობები — ტატიანა ალი, ჯოზეფ მარსელი და ალფონსო რიბეირო — რომლებიც თეთრ დივანზე მსხდარნი სიტკომის გადაღებებიდან სასაცილო მომენტებსა და კადრსმიღმა სიტუაციებს იხსენებენ.
თუმცა გადაცემაში მხოლოდ ღიმილისმომგვრელი და სასაცილო მომენტები არ იქნება მოქცეული.
თრეილერში ასევე ჩანს, როგორ საუბრობენ მსახიობები მათ კოლეგასა და მეგობარზე, ჯეიმს ეივერიზე, რომელიც სერიალში ბიძია ფილის როლს ასრულებს. იგი შვიდი წლის წინ გარდაიცვალა გულის ოპერაციას მოყოლებული გართულებებისგან.
"ჯეიმს ეივერი მეტროთხმოცდაათიანი შექსპირისეული მხეცი იყო", — ამბობს სმიტი თრეილერის ვიდეოში, — "და ძალიან მსურდა, მის თვალში კარგი გამოვჩენილიყავი".
ცრემლები მხოლოდ ეივერის გახსენებას არ მოჰყოლია.
ვიდეოში მსახიობები სერიალის მნიშვნელობაზე საუბრობენ — სერიალის, რომელიც 148 სერიას მოიცავს და უამრავი ადამიანისათვის შესანიშნავ თავშესაქცევს წარმოადგენდა — განსაკუთრებით, შავკანიანი მაყურებლებისთვის.
"ჩვენი სერიალის საშუალებით ადამიანებს შავკანიანების გამორჩეულობას ვაჩვენებდით", — ამბობს ალი, — "ამ გამორჩეულობის გამო გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი".