თბილისის მაცხოვრებლები დღეს უჩვეულო სურათის მოწმენი გახდნენ. გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო ქალაქის ქუჩებში „ყვითელი“ სამარშრუტო ტაქსები გაუჩინარდნენ.
ოფიციალური ვერსიით მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ, არაოფიციალური „ჭორებით“ კი საპარლამენტო უმცირესობამ ანუ „ნაციონალებმა“, საკუთარი ბრწყალები კიდევ ერთხელ გამოაჩინეს და ხალხში უკმაყოფილობის დათესვას შეეცადნენ. ბოლო ვერსიას გაჩერებებზე შეკრებილი გაურკვეველი პროფესიის ხანდაზმული ადამიანები აქტიურად ავრცელებდნენ.
თქვენი არ ვიცი და თბილისელი მძღოლების გაფიცვის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გუშინ შორეულ ავსტრალიაში დაფიქსირებული შემთხვევა და ერთ-ერთი იქაური კოლეგის მიმართ გამოჩენილი სოლიდარობა აღმოჩნდა.
ქალაქ დარვინში ადგილობრივი „ყვითელი“ ავტობუსი ჩვეულებრივ რეისს ასრულებდა. მოძრავი საავტომობილო საშუალების მძღოლი ჰენრი მორგანი უკვე დასასვენებლად ემზადებოდა, როდესაც უჩვეულო ინციდენტის მსხვერპლი გახდა და მისი სახელი მსოფლიო მას-მედიის დახმარებით ყველამ შეიტყო.
ერთ-ერთ უბილეთო მგზავრს მორგანმა თანხის გადახდა კატეგორიულად მოსთხოვა. დაახლოებით ორმოცი წლის უცნობი მამაკაცი ბატონ ჰენრის არ დაემორჩილა და აბობოქრებულ მძღოლს თავში ათი კილოგრამი წონის საზამთრო უთავაზა.
ცნობილი ბრიტანელი მეკობრის ავსტრალიელი მოსახელე არ დაიბნა და საზამთროს მფლობელს ხურდა დაუბრუნა, რის შემდეგაც მოძალადე ადგილობრივი საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში აღმოჩნდა.
ეს სცენა ტელეარხმა „ABC News”-მა გადაიღო. რამდენიმე საათში ის მთელმა მსოფლიომ იხილა და მძღოლი ჰენრი გუშინდელი საღამოს უმთავრეს გმირად გადაიქცა.
სიმართლე ითქვას და ქალაქ დარვინის ჩვეულებრივ მოქალაქეს სახელმა და გვარმა პოპულარობაში ხელი განსაკუთრებით შეუწყო. ამის გარდა მსოფლიო საქალაქო ტრანსპორტის ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც „დამნაშავე“ მძღოლის წინააღმდეგ საზამთრო გამოეყენებინოთ.
გავრცელდა ცნობა, რომ ქალაქ დარვინის მძღოლებმა მუნიციპალურ სატრანსპორტო საშუალებებში საზამთროს ატანის კატეგორიულად აკრძალვა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უვადო გაფიცვით დაიმუქრნენ.