რობერტო ბაჯო „ბაიერნში“ გადადის

რობერტო ბაჯო „ბაიერნში“ გადადის

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კატალონიური „ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ საკუთარი ბედი გადაწყვიტა და მიმდინარე წლის ზაფხულში მიუნჰენის „ბაიერნს“ ჩაიბარებს.

წინა კვირას გერმანულმა სპორტულმა მას-მედიამ გაავრცელა ცნობა რომ მიუნჰენში ესპანელს ორი ასისტენტი დაეხმარება. გერმანული გუნდის მოთხოვნით პეპს უფლება მიეცა რომ ერთი დამხმარე თავად აირჩიოს, მეორეს კი „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა დაასახელებს.

ოთხი დღის წინ გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პეპს მადრიდის „რეალის“ ცოცხალი ლეგენდა რაული დაეხმარებოდა. „შალკეს“ ყოფილი თავდამსხმელი ამჟამად აზიის კონტინენტზე ასპარეზობს, ერთ-ერთ ყატარულ გუნდთან გაფორმებული ხელშეკრულება რამდენიმე თვეში უსრულდება და სეზონის დასრულების შემდეგ „ბაიერნის“ მთავარი  მწვრთნელის თანაშემწედ მოგვევლინებოდა.

დღეს დილით ესპანურმა გაზეთმა „Marca” სენსაციური ცნობა გაავრცელა. აღმოჩნდა რომ მიუნჰენურ გუნდში პეპ გვარდიოლას რობერტო ბაჯო დაეხმარება.

ბოლო პერიოდში ბაჯო იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა. მისი ფუნქცია ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენა გახლდათ.

ორი  დღის წინ ბატონმა რობერტომ განაცხადა რომ ამჟამინდელ თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს. რასაკვირველია აგორდა ხმები რომ ბაჯო პეპ გვარდიოლას „ბაიერნში“ შეუერთდება.

თავის დროზე ბაჯო და „ბაიერნის“ მომავალი თავკაცი იტალიურ კლუბ „ბრეშაში“ ერთად ასპარეზობდნენ და დღემდე ახლო ურთიერთობა გააჩნიათ.

რაც შეეხება გვარდიოლას მეორე დამხმარეს. გერმანული მას-მედიის მტკიცებით ამ ფუნქციას ახლო წარსულში ცნობილი მოთამაშე შტეფან ეფენბერგი შეასრულებს.