საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, ჯონათან ჯანოგლმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიდ ბრიტანეთში, სოფიო ქაცარავას წერილი მისწერა, სადაც ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება და ორგანიზება მიულოცა.
„ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოიჩინა მნიშვნელოვანი ძალისხმევა ბოლო პერიოდში გატარებული საარჩევნო რეფორმის მეშვეობით საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების გასამყარებლად. გამოვთქვამთ იმედს, რომ ამით უზრუნველყოფილი იქნება მყარი საფუძველი დემოკრატიული ღირებულებების შემდგომი ხელშეწყობისთვის, რომლებიც, ჩვენი ღრმა რწმენით, ესოდენ მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის“, - ნათქვამია წერილში.
ჯონათან ჯანოგლი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო იქნება.
„საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი ულოცავს ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას და ორგანიზებას. COVID პანდემიის მიერ გამოწვეული სერიოზული სირთულეების გათვალისწინებით, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ამ არჩევნებში დაფიქსირდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა.
ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოიჩინა მნიშვნელოვანი ძალისხმევა ბოლო პერიოდში გატარებული საარჩევნო რეფორმის მეშვეობით საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების გასამყარებლად. გამოვთქვამთ იმედს, რომ ამით უზრუნველყოფილი იქნება მყარი საფუძველი დემოკრატიული ღირებულებების შემდგომი ხელშეწყობისთვის, რომლებიც, ჩვენი ღრმა რწმენით, ესოდენ მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის.
იმედის თვალით შევყურებთ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას საერთო ინტერესების ფართო სპექტრზე. ვუსურვებთ თქვენს პარლამენტს და მის წევრებს ყოველივე საუკეთესოს და წარმატებულ ახალ სესიას“, - ნათქვამია წერილში.