ზაალ უდუმაშვილი: არის თუ არა დათმობისთვის მზად ხელისუფლება, ეს გამოჩნდება შემდეგ რაუნდზე

ზაალ უდუმაშვილი: არის თუ არა დათმობისთვის მზად ხელისუფლება, ეს გამოჩნდება შემდეგ რაუნდზე

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მოლაპარაკებები გუშინ, 12 ნოემბერს, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში დაიწყო.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ სამ მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავლენ - ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

"უკვე პოზიტიური ნაბიჯია, როდესაც მხარეები ხვდებიან ერთმანეთს და იწყებენ მოლაპარაკებას. მე წინასწარ ვერ ვიტყვი, პროგნოზს ვერ გავაკეთებ რამდენად შედეგიანი იქნება ეს მოლაპარაკება, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რადგან მათ კარგად იციან ჩვენი პოზიცია - ეს არის ხელახალი არჩევნები, ცესკოს ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. არის თუ არა დათმობისთვის მზად ხელისუფლება, ეს გამოჩნდება შემდეგ რაუნდზე. პოლიტიკა ეს არის კომპრომისების ხელოვნება, თუმცა კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან არ ითვალისწინებს იმ მანდატებით ვაჭრობას, რომელიც ჩვენ მოგვცა ამომრჩეველმა,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ოპოზიციის პოზიციები არ იცვლება და არანაირ დათმობაზე საუბარი არ ყოფილა.

"გუშინ იყო პირველი შეხვედრა, პოზიციების შეჯერება. რამე სახის დეტალებზე საუბარი არ იყო. ოპოზიციის მხრიდან იყო ერთსულოვნება და ის მოთხოვნები დაიდო მაგიდაზე, რაზეც ოპოზიცია შეთანხმებულია. პოზიციები არ იცვლება და არანაირ დათმობაზე საუბარი არ ყოფილა. მთავარი მოთხოვნა არის არჩევნები, ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილება და საარჩევნო წესების ცვლილება,"-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, ერთადერთი, რაზეც შეთანხმება შეიძლება შედგეს, ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა.

"ერთადერთი, რაზეც შეთანხმება შეიძლება შედგეს, დაკმაყოფილდეს ის სამი მოთხოვნა, რომელიც აქვს ოპოზიციას - ხელახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაციით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სხვა მიმართულებით გამორიცხულია შეთანხმების მიღწევა, არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ აპირებს არცერთი პოლიტიკური ლიდერი. პარლამენტის თავმჯდომარე საკმაოდ ყურადღებით უსმენდა იმ არგუმენტებს, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას, მასაც ჰქონდა არგუმენტები, თუმცა ეს არგუმენტები არ იყო დამაჯერებელი, რამდენადაც მე ვიცი,"-განაცხადა ანზორ ბიწაძემ.