გიგი უგულავა:  ვანგა არ ვარ, რომ ვიწინასწარმეტყველო, რა იქნება ბოლოში - ხელისუფლება არაა იმ მდგომარეობაში, რომ ოპოზიციას გარკვეული პირობები უკარნახოს

გიგი უგულავა:  ვანგა არ ვარ, რომ ვიწინასწარმეტყველო, რა იქნება ბოლოში - ხელისუფლება არაა იმ მდგომარეობაში, რომ ოპოზიციას გარკვეული პირობები უკარნახოს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ხელისუფლება არაა იმ მდგომარეობაში, რომ ოპოზიციას გარკვეული პირობები უკარნახოს.

როგორც უგულავამ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების პირველ რაუნდთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ერთიანია და საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებს.

"ჯერჯერობით არანაირი წინაპირობა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. არ მგონია, ხელისუფლება იყოს იმ მდგომარეობაში, რომ წინაპირობებს გვკარნახობდეს. მათ მოიპარეს არჩევნები და მორალური უპირატესობა საზოგადოების და ჩვენს მხარესაა, ამიტომ პირობებზე საუბარი არაა. თუ იქნება ხელშესახები პროგრესი და მივაღწევთ არჩევნებს, ბუნებრივია, ღია კარის მტვრევას არავინ აპირებს, მაგრამ ჯერჯერობით შეხვედრა იყო მხოლოდ მოთელვითი ხასიათის. დაინახეს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არის ერთიანი და არავინ აპირებს პოზიციების დათმობას, გვერდზე გახედვას ან გახტომას. პარლამენტში არშესვლის პოზიცია ერთიანია ",- განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება ოპოზიციის დაგეგმილ აქციებს, უგულავა მხარდამჭერებს რუსთაველზე მისვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ აქტიურობა და სიმტკიცე არის წინაპირობა იმისა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.

„ჭირვეულის მორჯულების პირველი ეტაპი დაიწყო. ვანგა არ ვარ, რომ ვიწინასწარმეტყველო ივანიშვილის ქცევა, რა იქნება ბოლოში, მაგრამ საზოგადოებამ ვნახეთ, შარშან, გადაგდების შემდეგ ზუსტად ასე იქცეოდა - ველურად, ჭირვეულობდა, იჭერდა ხალხს, არბევდა, მაგრამ საბოლო ჯამში მაინც მოუწია მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა და კომპრომისის გამონახვა საკუთარ ხალხთან. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბრძოლა, რომელიც სწორედ რომ იმ ადამინების ხმების დაცვას ემსახურება, ვინც მოვიდა და პანდემიის მიუხედავად არჩევანი გააკეთა. ამიტომ , მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ხვალ, 15:00 საათზე, რუსთაველზე მოვიდნენ იმიტომ, რომ თქვენი აქტიურობა და სიმტკიცე არის წინაპირობა იმისა, რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან და წართმეული არჩევნები არ შერჩეს, არ მოხდეს ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაცია, არამედ ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების გზას, რისი წინაპირობა და საფუძველი არის თავისუფალი არჩევნები“, - განაცხადა უგულავამ.