ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციაზე: არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგ რაუნდზე დაიწყოს რეალური საუბარი იმისა, რომ მათ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, შევიდნენ პარლამენტში

ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციაზე: არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგ რაუნდზე დაიწყოს რეალური საუბარი იმისა, რომ მათ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, შევიდნენ პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობამ“ და მასთან აფილირებულებმა პარტიებმა ფაქტობრივად ომი გამოუცხადეს და შევიდნენ ბრძოლაში საკუთარ სახელმწიფოსთან და არა „ქართულ ოცნებასთან“. მათი სტრატეგიული მიზანი გასაგებია და ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა და როგორც მათი ბელადი აცხადებს, ნებისმიერ ფასად. ის არაფერზე დაიხევს უკან და ამისთვის რა თქმა უნდა, ძალადობრივი გზა აქვს არჩეული, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ ამ ომში გასამარჯვებლად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი დაავიწყდა.

„ეს არის საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა, რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო მცირდება, მათ შორის მათ ამომრჩევლებში და მეორე არის საერთაშორისო მხარდაჭერა. ნებისმიერი ომისა და ბრძოლის დროს ეს ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენ ვიცით, რომ დამკვირვებლებმა და საერთაშორისო მისიებმა ლეგიტიმურად ცნეს არჩევნები, მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, რასაც არავინ უარყოფს და პირიქით ჩვენ ვხედავთ მზადყოფნას ხელისუფლების მხრიდან, რომ ნებისმიერი ასეთი გამოვლინება, ოღონდ მტკიცებულებების ხარჯზე უნდა შემოწმდეს და გარკვეული ღონისძიებები გატარდეს ამ მიმართულებით - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩოში ოპოზიციური სპექტრის მიხმობა ემსახურება მხოლოდ და და მხოლოდ ერთ რამეს, რომ დღეს არ არის ის სიტუაცია, რომ ამ ყველაფერმა ასე ჩაიაროს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებულები ცდილობენ სხვადასხვა ილუზია შექმნან ამ მოლაპარაკებების შედეგად, მაგრამ ჩვენ ვნახეთ იქიდან გამოსული რამდენიმე წარმომადგენელი ოდნავ უკვე შერბილებული ტონით და არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგ რაუნდზე დაიწყოს რეალური საუბარი იმისა, რომ მათ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, შევიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მათ ამისთვის სტრატეგიული პარტნიორების მოწოდება სჭირდებათ.