გვსურს, იმ შედეგთან მივიდეთ, როცა საბოლოო ჯამში, ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს მუშაობას ისე, როგორც ეს კონსტიტუციასა და კანონში არის გაწერილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სურვილია, დადგეს ის შედეგი, როცა საბოლოო ჯამში, ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი აგრძელებს მუშაობას კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად.
„ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო – მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი და კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული. საზოგადოებას აქვს ამაზე ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია. გვსურს, იმ შედეგთან მივიდეთ, როცა საბოლოო ჯამში, ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს მუშაობას ისე, როგორც ეს კონსტიტუციასა და კანონში არის გაწერილი. პირველ შეხვედრაზე არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური და გავცვალეთ არგუმენტები. რაც მთავარია, ერთმანეთს კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ, მჯერა და იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას ცხრა პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი.