„დიალოგის დაწყება ემსახურება პოზიციების დაახლოებას და ამ კუთხით პირველ შეხვედრას პოზიტიურად შევაფასებდი, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირველ რიგში პოზიტიურია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო და შევთანხმდით, რომ კიდევ ერთი შეხვედრა შედგება უახლოეს დღეებში. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო: მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, რომელიც იყო ოპოზიციის მიერ დასმული. ჩვენ გვაქვს გახსნილი პოზიცია და გვსურს, მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა საბოლოო ჯამში პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას ისე, როგორც კანონშია გაწერილი.
არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე მოხდებოდა შეთანხმება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური, ჩვენ გავცვალეთ არგუმენტები, რაც მთავარია, კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ ერთმანეთს, მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს ამ შეხვედრის ფასილიტაციისთვის.
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.