ამირან გამყრელიძე: ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს

ამირან გამყრელიძე: ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში დაახლოებით 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ დაწესდა გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები. ხშირად გვაკრიტიკებენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო და ამბობენ - რა, კორონავირუსი 22:00 საათზე იძინებს და 05:00 საათზე იღვიძებს? არა, ბატონებო, ეს ყველაფერი სამეცნიერო მტკიცებულებებით არის გამყარებული - ამ ტიპის შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში დაახლოებით 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს. დღეს მინისტრთან ვიმსჯელეთ სხვა შეზღუდვებზეც, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად ვერ ვისაუბრებ, ვიდრე ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განიხილება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 69 681-ს შეადგენს, ჯამში, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52 169-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 599 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.