აშშ-ის სასამართლომ ბრიტნი სპირსს უარი განუცხადა მოთხოვნაზე, გათავისუფლებულიყო მამის მეურვეობისგან.
ჯეიმი სპირსი 38 წლის შვილის ქონებას უკვე 12 წელია, განკარგავს. ამის მიზეზი მუსიკოსის მენტალური ჯანმრთელობაა.
სპირსის ადვოკატი აცხადებს, რომ პოპვარსკვლავს მამის "ეშინია" და ამის გამო შესრულებაზეც კი უარს ამბობს. ჯეიმი სპირსის ადვოკატის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოველთვის შვილის ინტერესებს ითვალისწინებდა გადაწყვეტილების მიღებისას.
სასამართლო მოსმენაზე ბრიტნის ადვოკატმა, სემუელ ინიემმა, განაცხადა, რომ მომღერალს მამასთან "საქმიანი ურთიერთობა" არ აკავშირებს და მასთან დიდი ხნის განმავლობაში არ ულაპარაკია. საპასუხოდ ჯეიმის ადვოკატის, ვივიენ თორინის თქმით კი, ამის მიზეზი ისაა, რომ თავად ინიემმა ურჩია ბრიტნის, არ ჰქონოდა კომუნიკაცია მამასთან.
თორინმა ასევე აღნიშნა, რომ მამის მეურვეობის ქვეშ მომღერლის მდგომარეობა გაუმჯობესდა — მისი განცხადებით, 2008 წელს ბრიტნის ათეულობით მილიონ დოლარს ედავებოდნენ, მამის მეურვეობისას კი მისი ქონება $60 მილიონს შეადგენს.
მოსამართლის განცხადებით, სამომავლოდ იგი მისი გადაწყვეტილების გასაჩივრებას დაელოდება. მანამდე კი, მომღერლის მოთხოვნით, ფინანსური კომპანია Bessemer Trust თანამეურვე გახდა.
გადაწყვეტილების მიღების პარალელურად, გრძელდება მოძრაობა #თავისუფლებაბრიტნის. მოძრაობა იმ ადამიანებს აერთიანებს, ვისაც სწამს, რომ პოპვარსკვლავი მამის და გარშემომყოფების ტყვეობაში იმყოფება.