ზაალ უდუმაშვილი: შესაძლოა, ვაშაძეს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, არ მქონია კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან

ზაალ უდუმაშვილი: შესაძლოა, ვაშაძეს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, არ მქონია კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან

ზაალ უდუმაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დიალოგი მზადდებოდა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, შესაძლოა პარტიის ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს ამ საკითხზე კომუნიკაცია პარტნიორებთან ტელეფონით ჰქონდა.

„შესაძლოა, ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმ დღეებში ძალიან სპონტანური იყო ვითარება, ჯერ რუსთაველზე ვიდექით, შემდეგ ცესკოსთან, შესაძლოა მოხდა რაღაც დისკომუნიკაცია, ვერ შედგა. თუმცა, მე ვარაუდს ვამბობ, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მქონია პირადად კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიალოგი ყველაზე ცივილური ფორმაა და ქუჩაში დგომა „არავის ეხალისება“. თუმცა, უდუმაშვილი ასევე ამბობს, რომ მთავარი დიალოგის საგანია.

„ჩემი განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე „რუსთავი2“-თან.