იმის მიუხედავად, რომ გლობალურად მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება, როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად შეფასებული სწორად, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპაში დაწესებული ლოკდაუნებისა და ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და ამასთან გამკლავება გამართულ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემებსაც უჭირთ. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მიჰყვება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ყველაფერს, თუმცა თითოეულ მოქალაქეს, ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის. ამიტომ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურეობა და სერვისები პირველ რიგში მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ: ჩვენს ხანდაზმულებს, ჩვენს ქრონიკულ დაავადებულებს, იმისთვის რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტიანი ოპერირება შეძლოს“, - აღნიშნა გახარიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 66 561 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 49 811-ს შეადგენს. გარდაიცვალა 566 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2656 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4878 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3181 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.