გია ბარამიძე: გაგრძელდება როგორც სამართლებრივი ბრძოლა, მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან, ასევე არაძალადობრივი აქციები

გია ბარამიძე: გაგრძელდება როგორც სამართლებრივი ბრძოლა, მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან, ასევე არაძალადობრივი აქციები

მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო პარტია მზადაა ოპონენტებთან დიალოგისთვის, ოპოზიციური პარტიები ამ დრომდე მხოლოდ ერთმანეთს ესაუბრებიან, თუმცა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები კორექტირდება. რაც შეეხება ოპოზიციის სამოქმედო გეგმას - „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში მონაწილეობას კვლავ არ აპირებს. მმართველი გუნდის ოპონენტები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

„კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ ოპოზიცია არის ერთიანი, მონოლიტური. არანაირ მეორე ტურებში მონაწილეობას არ მივიღებთ, იმიტომ რომ ეს არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული. გაგრძელდება როგორც სამართლებრივი ბრძოლა, ისე მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან, ასევე კონსტიტუციით განსაზღვრული არაძალადობრივი აქციები“, - აცხადებს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე.

10 ნოემბერს სააგენტო „ნიუპოსტმა“ გრიგოლ ვაშაძის სახელით მისი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

მოგვიანებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“ ვაშაძის სახელით განცხადება გამოქვეყნდა. რომლის თანახმადაც, თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ. განმარტების ეს ტექსტი ვაშაძის „ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნებამდე ნიკა გვარამიამ თავის გვერდზე დაპოსტა.