თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ლოკდაუნზე უარის თქმის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის ინტერესების, ეკონომიკაზე უარყოფითი შედეგებისა და საარჩევნო პროცესის გათვალისწინებით მიიღო. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი ლოკდაუნი. საქართველომ უარი თქვა განმეორებითი ლოკდაუნის გამოცხადებაზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ეს გადაწყვეტილება ქვეყანამ მიიღო მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რამეთუ მოსახლეობა ძალიან ნეგატიურად იყო განწყობილი შესაძლო ლოკოდაუნის მიმართ. ის აუცილებლად გამოიწვევდა ეკონომიკის პრობლემებს და რეცესიას, რაც აისახებოდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ასევე იყო და გრძელდება საარჩევნო პროცესი და მას არ უნდა მიდგომოდა ჩრდილი.
ძალიან კარგი, საქართველომ რომ ლოკდაუნზე უარი თქვა და მოსახლეობის სურვილი გაითვალისწინა, მაგრამ ამან გაზარდა გამოწვევების მასშტაბი, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ლოკდაუნით ეს შედარებით იოლად იქნებოდა. მაგალითად, ბელგიამ, რომელსაც დღეში 27 000 შემთხვევა ჰქონდა, გამოაცხადა ლოკდაუნი და 4000-მდე დაიყვანა შემთხვევები. საქართველომაც რომ გამოაცხადოს ლოკდაუნი უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, ლოკდაუნის არგამოცხადების პირობებში, ყველას ერთად მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში სიტუაცია მართვადია.
„დღეს სიტუაცია მართვადია, მიუხედავად იმისა გვესმის, რომ სამედიცინო სამსახური ისე ვერ ემსახურება როგორც გაზაფხულზე, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა ევროპის ქვეყნებში. ამიტომ საქართველოს საყვედური კი არ ეკუთვნის, პირიქით, ჩვენი უცხოელი პარტნიორები აღფრთოვანებასაც გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის მესვეურებით და სახელმწიფო ვერტიკალით, რომელიც ასეთი შეზღუდული რესურსების პირობებშიც ახერხებს უკეთ მართვას, ვიდრე ამას აკეთებენ ევროპის წამყვანი ქვეყნები. შეიძლება ჩვენთან შეფერხება მოხდეს რამდენიმე საათი, იქ შეფერხებები ხდება რამდენიმე დღით, კვირით. ჩვენთან ბინაზე და სასტუმროში გარდაცვალების სულ 6 შემთხვევა, უცხოეთში არის ასეული და ათასეული შემთხვევა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 66 561 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 49 811-ს შეადგენს. გარდაიცვალა 566 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2656 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4878 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3181 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.