„წულუკიანის ჩათვლით ნებისმიერი სხვა გაუგებარია, თუ პრემიერის პოზიციზე როგორი იქნება. ამიტომ გახარიას, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაწირვა „ქართული ოცნებისთვის" წამგებიანად მეჩვენება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გავრცელებულ არაოფიციალურ ინფორმაციას იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და „ქართული ოცნების" სააარჩევნო სიის #4-ის შესაძლო გაპრემიერების შესახებ.
„ქართული ოცნების" სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი სავარაუდოდ, პარლამენტის წევრი არ გახდება და საპარლამენტო პოსტის დაკავების ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდება. იგი შესაძლოა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინონ, თუმცა ასევე განიხილება შსს-ს ახალ მინისტრადაც. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი" წერს თავის წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, წულუკიანის გაპრემიერება, გახარიასთვის უარის თქმას ნიშნავს, რაც „ქართული ოცნებისთვის" წამგებიანი იქნება.
„ეს საკითხი ალბათ ორად უნდა გაიყოს - თეა წულუკიანის გაპრემიერება და გახარიასთვის პრემიერობაზე უარის თქმა, მიუხედავად იმისა წულუკიანი პრემიერი იქნება თუ არა, გახარიასთვის უარის თქმა „ქართული ოცნებისთვის" წამგებიანია. იმიტომ, რომ, ავად თუ კარგად, კრიზისები მეტ-ნაკლებად შედეგიანად გამოიარა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნდობა აქვს.
„წულუკიანის ჩათვლით ნებისმიერი სხვა გაუგებარია ანალოგიურ პოზიციაზე როგორი იქნება. ამიტომ გახარიას, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაწირვა „ქართული ოცნებისთვის" წამგებიანად მეჩვენება.
„ამიტომაც აქედან გამომდინარე, ეს ინფორმაცია დამაჯერებელი არაა. რა, თვითონ „ქართულ ოცნებაში" არ იციან, რომ გახარიას ყველაზე ძლიერი რეიტინგი და მოსახლეობის დამოკიდებულებაში ყველაზე მყარი მდგომარეობა აქვს?
„გახარიასთვის არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ „ოცნებისთვისაც" და ქვეყნისთვისაც მისი პრემიერობა ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, იმიტომ, რომ ანალოგიური გამოცდილების უგულებელყოფა და არაფრად ჩაგდება, რაც მან თავისი ბიოგრაფიისა და პრემიერობის განმავლობაში დააგროვა, გამართლებული არაა", - განაცხადა საყვარელიძემ.