ზაალ უდუმაშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე: ბევრმა სხვადასხვაგვარად წაიკითხა და ამიტომ განმარტებები საჭირო გახდა

ზაალ უდუმაშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე: ბევრმა სხვადასხვაგვარად წაიკითხა და ამიტომ განმარტებები საჭირო გახდა

გრიგოლ ვაშაძის განცხადებებმა ეჭვები რომ გააჩინა, სწორედ ამიტომ გააკეთა შემდეგ მან განმარტება, რომლითაც ყველა კითხვას პასუხი გაეცა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„პროტესტი უნდა გაგრძელდეს, პარლამენტში არ შევდივართ და მოლაპარაკებების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ დავუბრუნოთ ამომრჩეველს არჩევანი რომელიც წაართვეს.

ბევრმა სხვადასხვაგვარად წაიკითხა განცხადება და ამიტომ გახდა საჭირო განმარტებები. როცა განმარტებები გაკეთდა, მგონი „გირჩსაც“ აღარ ჰქონდა კითხვები“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

10 ნოემბერს სააგენტო „ნიუპოსტმა“ გრიგოლ ვაშაძის სახელით მისი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

მოგვიანებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“ ვაშაძის სახელით განცხადება გამოქვეყნდა. რომლის თანახმადაც, თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ. განმარტების ეს ტექსტი ვაშაძის „ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნებამდე ნიკა გვარამიამ თავის გვერდზე დაპოსტა.

თავად გრიგოლ ვაშაძე მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა.