გრიგოლ ვაშაძის გუშინდელი განცხადება ოპოზიციის ერთობას ანგრევდა, ასევე ჩვენს მთავარ მონაპოვარს, ჩვენს მთავარ ღირებულებას ამ ბრძოლაში, - ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.
„ჩვენ თუ დავიშლებით, ხომ გასაგებია, რომ ამ ბრძოლას არანაირი შინაარსი არ აქვს. თუ უმსხვილესი ოპოზიციური პარტია სხვა ჭკუაზე იქნება, ხომ გასაგებია, რომ ერთიანი ვერ იქნება ოპოზიცია. რადგან გამოჩნდა, რომ ამ უმსხვილესმა პარტიამ თქვა, რომ ერთიანები არიან, ეს ხომ ნიშნავს, რომ ისინიც მიხვდნენ ერთიანობის შინაარსს და შეცდომის მნიშვნელობას. გითხრათ, რომ უნივერსალური მეთოდი მაქვს როგორ გავალთ სამშვიდობოს-მეთქი არ ვიცი, მაგრამ ჩემი მეთოდია, რომ ყოველდღიურად დავაკვირდე, რა ხდება და ამაზე მქონდეს ადეკვატური რეაქცია“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.
10 ნოემბერს, სააგენტო „ნიუპოსტმა“ გრიგოლ ვაშაძის სახელით მისი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს.
მოგვიანებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“ ვაშაძის სახელით განცხადება გამოქვეყნდა. რომლის თანახმადაც, თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ. განმარტების ეს ტექსტი ვაშაძის „ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნებამდე ნიკა გვარამიამ თავის გვერდზე დაპოსტა.