გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია. შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი 2 ნოემბერს ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. ის სახლში მკურნალობდა.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 63 650-ს შეადგენს, ჯამში, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 47 390-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 521 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.