მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
„როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ვიზიტი შედგება 17-18 ნოემბერს. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და კათოლიკოს-პატრიარქს. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ. ეს ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას და ნაყოფიერ თანამშრომლობას. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა უაღრესად ეფექტიანი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა ძირითადი მიმართულებით. თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავება - ეს არის ყველა ის ძირითადი საკითხი, რა მიმართულებითაც ჩვენ ხელშესახები შედეგები. ყველაფერი ეს აისახა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ერთობლივ განცხადებაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ამ მხრივ იქნება მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო გაამყარებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას. ბუნებრივია, ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად საკითხთან ერთად ჩვენ გვექნება საუბარი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და საქართველოს როლზე. ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო არის აშშ-ის მთავარი მოკავშირე რეგიონში და მნიშვნელოვანი დასაყრდენი. ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს სტაბილურობას რეგიონში და საქართველოს სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით. ცხადია, ვიმსჯელებთ ასევე სამომავლო პრიორიტეტებზე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებაზე“, - განაცხადა ზალკალიანმა.