ჯო ბაიდენის საქართველოში ჩამოსვლა და ჩემთან შეხვედრა ბარაკ ობამას რეიტინგს ძალიან წაადგა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის კაცი, რომელიც პირველი ჩამოვარდა, როცა ომი ატყდა საქართველოში. მილიარდი დოლარის დახმარება ჩამოგვიტანა, რომელიც ამის შემდეგ დასახელდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად, იმიტომ, რომ ობამას რეიტინგს მისი ჩამოსვლა და მაშინ ჩემთან შეხვედრა ძალიან წაადგა. ეს მას ძალიან კარგად ახსოვს.
ეს არის კაცი, რომელიც 2009 წელს ჩამოვიდა და ქართველ ლტოლვილებთან და ბავშვებთან შეხვედრისას იტირა და ძალიან ბევრი დახმარება აღმოგვიჩინა მთელი ეს პერიოდი. ეს არის კაცი რომელიც უკრაინაში მუდმივად გვეხმარებოდა, რადგან მე უკრაინაში ვმუშაობდი და მქონდა მასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.