უცხოელი ელჩის პირველი რეაქციაა, ოღონდ არ იყოს ბუნტი, არეულობა, ეს ბიუროკრატის რეაქციაა, რომელიც იღებს ხელფასს. მერე წავა, სხვა ქვეყანაში გააგრძელებს ხელფასის მიღებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„რაც შეეხება უცხოელებს, უცხოელებმა ტონი აშკარად შეიცვალეს მას შემდეგ, რაც იურიდიულ მექანიზმზე ივანიშვილი გვეუბნება უარს. როცა ყველაფერზე უარს გეუბნება, მაშინ უცხოელები ხედავენ, რომ შენ ყველა ბერკეტი ამოწურე და შეუძლებელია, რომ ისინი არ იყვნენ შენს მხარეს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქვეყანა. ვის უნდა ვკითხოთ. ჩვენ ვისზე ნაკლები ვართ? რა კომპლექსიანები ვართ, რომ ვინმემ თუ კვერი არ გვიკრა და ფინიას რომ მიაწოდებენ საკვებს, ალე ჰოპ და ყოჩაღ, ასე უნდა ვიყოთ?
ჩვენ ვართ თანასწორი ერი, ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი პატივისცემა. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიყავით მსოფლიო დემოკრატიის შუქურა, რეფორმატორი ქვეყანა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ცივილიზებული ერები მოქმედებენ და მაშინ ყველა დემოკრატიული საზოგადოება დაგვიჭერს მხარს.
პირველი რეაქცია უცხოელი ელჩის არის, ოღონდ არ იყოს ბუნტი, ოღონდ არ იყოს არეულობა, ოღონდ ქუჩაში არა, არ გვინდა პრობლემა. ეს ბიუროკრატის რეაქციაა. ბიუროკრატი იღებს ხელფასს, მერე წავა სხვა ქვეყანაში გააგრძელებს ხელფასის მიღებას. საქართველო ჩვენია. საქართველოს ვკარგავთ. იმათ არავინ არ მოსთხოვს პასუხს, რომ ეგეთი ქვეყანა, როგორც საქართველოა გაქრა რუკიდან“, – განაცხადა სააკაშვილმა.