ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ეს განცხადება, ისევე, როგორც მისი არაერთი სხვა განცხადება, რევოლუციური სცენარის გამომხატველია.
„თავისდა საზიანოდ, ის საოცრად გულახდილია ხოლმე ანუ, რასაც აპირებდა ან აპირებს, ამაზე ღიად ლაპარაკობს. ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, არაა გამონაკლისი. ესაა ჩვეულებრივი, რევოლუციური სცენარი. მოყვა ამ ისტორიისა და ამ სცენარის განხორციელება, უკვე თბილისში უნდოდა“ - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.
გუშინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სერბეთში, სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ მიმართულ გადატრიალებასა და საქართველოს საპროტესტო ტალღას შორის პარალელი გაავლო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა საკუთარი გეგმის შესახებ სათქმელი ირიბად, სწორედ ამ მიმართვით თქვა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს, ყველას აქვს იმ პოლიციელების ტელეფონის ნომრები, რომლებიც ცესკო-სთან იდგნენ და მათ უნდა უთხრან, რომ საქართველოს მტრის მხარეს არ დადგნენ.
„ღია ტექსტით გელაპარაკებით. მათ შეუძლიათ ერთ ადგილზე კონცენტრაცია, გუშინ რაც მოხდა ცესკო-სთან სწორი იყო, რომ ლიდერებმა თავი აარიდეს ცესკო-სთან შეტაკებას. იქ იყო შეყრილი 800-900 ჩაფხუტიანი კოსმონავტი პატარა ტერიტორიაზე და ეს არის მათი ძირითადი ძალა. მათ ეშინოდათ, როგორც სერბეთში გააკეთა თავის დროზე ხალხმა, ხალხი მივიდოდა, გამოიტანდა ამ გაყალბებულ ბიულეტენებს და გადაყრიდა, მილოშევიჩი თავის დროზე ასე დაამარცხეს. ეტყობა ივანიშვილს ეს ვიღაცამ მოუყვა და ამიტომ გაამაგრა ცესკო. ჩვენ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ უნდა გავუხსნათ მათ ბევრი ფრონტი. ჩვენ გვაქვს ყველა ამ პოლიციელის პირადი ტელეფონი, ბევრმა თქვენგანმა იცის, სად ცხოვრობენ, ჩვენ უნდა მივიდეთ მათ სახლებთან, ველაპარაკოთ მათ მშობლებს, უნდა გავუკეთოთ წარწერები – აქ ცხოვრობს, რატომ დამიჭირე, რატომ მცემე, რატომ მჩაგრავ, რატომ ემსახურები საქართველოს მტერს“ - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.