სალომე სამადაშვილი: თუ ტექნიკურად არსებობს შესაძლებლობა არჩევნების შედეგების გასწორების ისე, რომ ხალხის არჩევანი აისახოს შედეგებში, მე დავიტოვებდი მოლაპარაკებებისთვის სივრცეს

სალომე სამადაშვილი: თუ ტექნიკურად არსებობს შესაძლებლობა არჩევნების შედეგების გასწორების ისე, რომ ხალხის არჩევანი აისახოს შედეგებში, მე დავიტოვებდი მოლაპარაკებებისთვის სივრცეს

სალომე სამადაშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა Facebook-ზე დაწერა, ტექნიკური შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, ის მოლაპარაკებებისთვის სივრცეს დაიტოვებდა, თუმცა ამ ეტაპზე სამადაშვილი განმეორებითი არჩევნების გარდა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.

„პარლამენტში შესვლას უპირობოდ არავინ დასთანხმდება, ცხადია. ქუჩის პროტესტი გაგრძელდება. პროტესტი აიძულებს ხელისუფლებას დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დასავლეთის შუამდგომლობით. შეთანხმების პირობა უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ახალი შემადგენლობა. თუ ტექნიკურად არსებობს შესაძლებლობა არჩევნების შედეგების გასწორების ისე, რომ ხალხის არჩევანი აისახოს შედეგებში, მე პირადად განვიხილავდი ამ შესაძლებლობას. მაგრამ დღეს, ვერ ვხედავ, რომ განმეორებითი არჩევნების გარდა რაიმეს შეუძლია გაასწოროს ის გაყალბება, რაც ოცნებამ დაატრიალა 31-ში. ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას ვინმე თუ წარადგენს, ამ მესამე პუნქტთან მიმართებაში მე დავიტოვებდი მოლაპარაკებებისთვის სივრცეს“, - წერს სამადაშვილი.

დღეს სააგენტო „ნიუპოსტმა“ გრიგოლ ვაშაძის სახელით მისი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

მოგვიანებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“ ვაშაძის სახელით განცხადება გამოქვეყნდა. რომლის თანახმადაც, თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ. განმარტების ეს ტექსტი ვაშაძის „ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნებამდე ნიკა გვარამიამ თავის გვერდზე დაპოსტა.

თავად გრიგოლ ვაშაძე მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა.

Aburjga Tasmanieli რა პრობლემაა??!! თქვენ ხომ გყავდათ კომისაში, ყველა კომისიაში: საუბნოში, საოლქოში, ცესკოში თქვენი საკუთარი წევრები ასევე დამკვირვებლები. იმ თქვენმა წევრებმა ოქმების ქსეროასლები ხომ წამოიღეს უბნენიდან?! მოიტანეთ და ვნახოთ ვინ რა მიიღო და ვინ რა გააყალბა?!
4 წლის უკან