ნანუკა ჟორჟოლიანი:

ნანუკა ჟორჟოლიანი:"გამუდმებით მიწევს იმის ახსნა, რომ ოჯახი არ დამნგრევია, უკვე გავგიჟდი"

მას შემდეგ, რაც ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია "იმედი" დატოვა, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა ატყდა - ზოგი ამბობდა, "ნანუკას შოუ" სამუდამოდ დაიხურაო, ზოგმა ისიც თქვა, ოჯახი დაენგრაო... სამთვიანი პაუზის შემდეგ კი ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ის ეთერში დაბრუნდა:

- "იმედიდან" წამოსვლისთანავე გადავწყვიტე, დავბრუნებოდი ტელევიზიას და ჩემი გადაცემა გადამერჩინა, რადგან მიმაჩნია, რომ "ნანუკას შოუს" აქვს რესურსი, რაც "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული პირველივე გადაცემის რეიტინგმაც დაამტკიცა - აკადემიური გადაცემით წარვდექით მაყურებლის წინაშე.

- როგორ დაგხვდნენ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები?
- ღირსეულად.

- სხვათა შორის, მაია ასათიანმაც განაცხადა, რომ ღირსეული მასპინძლობა გაგიწია...
- ნამდვილად! "ვანოს შოუს" შემოქმედებითი ჯგუფიდან დაწყებული, საინფორმაციო სამსახურით დამთავრებული, მართლა ღირსეულად დამხვდნენ.

- კი მაგრამ, მატებს რამეს ტელევიზიას ორი ერთნაირი სტილის შოუ?
- მოდი, შევთანხმდეთ, რომ ყველა ტელევიზიაში არის შიდა კონკურენცია. ამას საინფორმაციო გადაცემა "კურიერში" მუშაობის პერიოდშიც ვაცნობიერებდი. არხის ბოლო კვირის რეიტინგს თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიანაც ხელს აძლევს ტელეკომპანიას მსგავსი გადაცემები.

- გასული წელი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა შენთვის...
- ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ამ შემთხვევაში სატელევიზიო ეთერს ვგულისხმობ. მთავარია, ოჯახის წევრები გყავდეს ჯანმრთელად, დანარჩენს ყველაფერს ეშველება. თანაც, ისეთი ვარ, ვიღაცას ყოველთვის თვალში ვეჩხირები. სხვაზე თუ ერთს იტყვიან, ჩემზე - ათს, მაგრამ ამას უკვე დიდი ხანია მივეჩვიე.

- პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის დატოვებამაც მოგიწია...
- ამ ეტაპმა უკვე გაიარა, გული კი დამწყდა, მაგრამ... ჩემთვის არავის უთქვამს ჟიურიდან წადიო. სხვათა შორის, არხის დატოვებაც არავის მოუთხოვია. უბრალოდ, მარინა ბერიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ჟიურიში ჩემს ადგილს დაიკავებდა, რაც ამ პროექტის პროდიუსერმა ალინა არველაძემაც დამიდასტურა და ამით დამთავრდა ეს ამბავი.

- როდესაც მაია ასათიანი ახალ სეზონზე ახალი სამოსელით გამოჩნდა, "ფეისბუკის" მეშვეობით "ურჩიე", სად უნდა შეეძინა კარგი ჯინსი...
- მთლად ეგრე არ ყოფილა... თუმცა, ბუნებრივია, ამაზე რეაქცია მქონდა, ზუსტად აღარც მახსოვს, რა დავწერე...

- მაიას ხომ ეწყინებოდა...
- შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ეს ჯანსაღი კონკურენციაა. ლანძღვა და პირადი შეურაცხყოფა ხომ არ ყოფილა?
შეიძლება მაიამაც თქვას რამე ჩემს გადაცემაზე, მერე რა მოხდა?

- არჩევნებამდე ამა თუ იმ გადაცემაში ბევრ პოპულარულ ადამიანს არ იწვევდნენ, მათი პოლიტიკური თვალსაზრისის გამო...
- ჩემზე ამას ვერ იტყვით. ერთი მათგანი მაინც დამისახელეთ, ვინც პოლიტიკური თვალსაზრისის გამო დავბლოკე! ჩემი გადაცემის კარი ყველასთვის ღია იყო, რაც ძალიან მეამაყება. სხვათა შორის, ამას წინათ გამაკრიტიკეს, ბერა მანამდე ჰყავდა ნანუკას სტუმრად, ვიდრე მამამისი პოლიტიკაში ჩაერთვებოდაო, რაც სიმართლე არ არის. ბერა შარშან, ზაფხულში, მეორედაც მყავდა მოწვეული, ანაკლიაში რომ ჩავწერე, სწორედ იმ გადაცემაში და ახლაც ვიტყვი: თუ ბერა გამონახავს დროს ჩემს გადაცემაში მოსასვლელად, მობრძანდეს, კარი ღიაა! ჩემს გადაცემაში სტუმრობაზე ორად-ორმა ადამიანმა თქვა უარი - ლაშა ბუღაძემ და ვასიკო ოდიშვილმა. მითხრეს, თუ სხვა მსგავს გადაცემაში გვნახავ, მაშინ გეწყინოსო. მაგრძნობინეს, რომ არ სურთ ასეთ შოუებში მონაწილეობა. სხვათა შორის, პირველი ოქტომბრის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, უამრავი ისეთი ადამიანი გამოჩნდა, საერთოდ რომ არ მახსოვდა. ვიღაც ყოფილი "ენჯეოშნიკი" დღეს მინისტრია, პოლიტიკური პარტიის რიგითი წევრიც - მინისტრი. შეიძლება, თავის დროზე, როგორც პოლიტიკური პარტიის რიგითი წევრი არ მაინტერესებდა, მაგრამ მინისტრის რანგში მისი პირადი ცხოვრებაც მაინტერესებს და
საზოგადოებრივიც. ვიდრე არჩილ კბილაშვილი ადვოკატი იყო, გადაცემაში მის მოწვევას ვერასდროს მოვიფიქრებდი, მაგრამ დღეს, როგორც მთავარ პროკურორს, გადაცემაში თუ მოვიწვევ და ადამიანურ თემებზე ვალაპარაკებ, ძალიან საინტერესო იქნება. თუმცა ხელისუფლებაში მყოფთ მსგავს გადაცემებში მონაწილეობა არ უყვართ.

- ნანუკა, პირად ცხოვრებაზე უკვე აღარ ლაპარაკობ საჯაროდ...
- დავიღალე და იმიტომ. გამუდმებით მიწევს იმის ახსნა, რომ ოჯახი არ დამნგრევია, უკვე გავგიჟდი. ან ასე რატომ სწადიათ ჩემი ოჯახის დანგრევა, ვერ ვხვდები. ამას წინათ დამირეკეს და მითხრეს, შენი ქმარი მართლა 22 წლის გოგოსთან გაიქცაო? მერე მოიგონეს, ქრისტინა იმედაძესთან ერთად გაიქცა საზღვარგარეთო. უკვე ცუდად ვარ...

- დღეს რას საქმიანობს შენი მეუღლე?
- არაფერს. ამჟამად ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს. რაც ჩემთვის ძალიან კარგია.