კიდევ ერთი უცნაური ნოვაცია ქართულ ფეხბურთში

კიდევ ერთი უცნაური ნოვაცია ქართულ ფეხბურთში

ნულოვანი ტოლერანტობა მოდაში აღარ არის. ყველაფერს თავისი დრო, დასაწყისი და დასასრული აქვს.

ტოლერანტობას კი ზომიერება სჭირდება. როცა ამაზე მიდიხარ, ყველაფერი კარგად ნაფიქრ-გათვლილი უნდა გქონდეს, თორემ ტოლერანტობით მხოლოდ თავის მოწონება საქმეს ვერ წაადგება.

ფეხბურთის ფედერაციაში ასეთი რამე გავიგე - მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე დაგროვილი ყვითელ-წითელ ბარათები ფეხბურთელებს მეორე ეტაპზე ანულირებული აქვთ.

ამ ყველაფერმა ძალაუნებურად წინა სეზონი გამახსენა, როცა პირველი ეტაპის შემდეგ გუნდებს ქულები გაუნახევრდათ, ანუ მონაგარი მთლიანად არ გადმოჰყვათ პლეი ოფსა თუ პლეი აუტში.

წინა სეზონი კარგად ვერ დამთავრდა, სკანდალების და უხერხულობების მონელება მოუხდა ფეხბურთის ფედერაციას.

ყვითელ-წითელი ბარათების ჩამოჭრა კი ნოვაციას ჰგავს, ოღონდაც რას ემსახურება ასეთი სიახლე?

გამოდის, რომ მსაჯები სულ ტყუილად აფრიალებდნენ ბარათებს სეზონის პირველ ეტაპზე. ასეთი ტიპის ამნისტიას საფუძვლად რა უდევს, ძნელი სათქმელია.

ფედერაცია ასეთ უცნაურ ნოვაციაზე კლუბებთან კონსულტაციის გარეშე არ დაფიქრდებოდა. კარგია, რომ ფედერაციასა და კლუბებს შორის მჭიდრო, გამჭვირვალე ურთიერთობა ყალიბდება, ოღონდაც ეს თუ იმისთვის ხდება, რომ ყველა უცნაურ გადაწყვეტილებაზე ყვირილი არავინ დაიწყოს, ვერ მოსვლიათ კარგი საქმე.

მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის ბოლოს "ზესტაფონის" ფეხბურთელები რომ გაიფიცნენ, ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებთან საუბრის შემდეგ უმაღლესი ლიგის კალენდარი შეცვალა. საფეხბურთო სამყარო გაგებით რომ მოეკიდა "ზესტაფონის" პრობლემას, გასაგებია, მაგრამ ხვალ სხვა გუნდის ფეხბურთელები თუ გაიფიცებიან, კალენდარი წარამარა უნდა შეიცვალოს?

ყვითელ-წითელი ბარათების განულებაც ძალიან უხერხული რამეა. მომდევნო სეზონშიც იგივე უნდა მოხდეს? ეს წესად უნდა დადგინდეს?

ერთი სიტყვით, კითხვები გაჩნდა, ნოვაციის შემოღების არგუმენტები კი ჯერ არ ჩანს.

* * *
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი პირადი განცხადების საფუძველზე სამმა წევრმა დატოვა: გიორგი აბესალაშვილმა, ლადო ვარძელაშვილმა და დავით ნამგალაურმა.

შევიტყვეთ, რომ აბესალაშვილის ადგილს იმერეთის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელი ვალერი მანაგაძე დაიკავებს, აბესალაშვილიც ფედერაციის იმავე სუბიექტიდან იყო წარდგენილი. ვაკანტური რჩება ორი ადგილი.

ვარძელაშვილი და ნამგალაური წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ აღმასკომში მათ ნაცვლად ის ბიზნესმენები მოხვდებიან, საკუთარ ფულს რომ ხარჯავენ საფეხბურთო კლუბისთვის.

პროცედურა მარტივია: ფედერაციის სუბიექტმა საკუთარი კანდიდატურა უნდა შესთავაზოს აღმასკომს და ეს ორგანოც ხმათა უმრავლესობით მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს იმას ნიშნავს, რომ აღმასკომში წევრების ვაკანსიის შესავსებად ფედერაციის ყრილობის გამართვა აუცილებელი არ არის.

აღმასკომში გონებაგახსნილი, აქტიური ხალხი ძალიან საჭიროა. აღმასკომს ბევრი შეუძლია, აღმასკომის წევრობა უკვე ის ტრიბუნაა, საიდანაც უფრო ხმამაღლა, უფრო ეფექტურად შეიძლება პოზიციის დაფიქსირება.

არა მგონია, რომ დღესაც ძალადობრივი გზით მოხდეს ფედერაციის აღმასკომის ჩამოყალიბება. თუნდაც ორი ახალი წევრი აღმასკომს მნიშვნელოვნად გამოაკეთებს და უცნაურ იდეებს მხარს არ დაუჭერს.

ფეხბურთის ფედერაციის ამ თუ უწინდელ შემადგენლობას ბევრი ცუდი ვერდიქტი აქვს გამოტანილი. ეს საქართველოა, სხვანაირად ვერ გამოვიდოდა - ისინი და მათი მხარდამჭერები კულუარულ საუბრებში ასეთნაირად იმართლებდნენ თავს.

ერთი ქართული კლუბის პრეზიდენტმა მითხრა: კაცი რომ კაცს კლავს, რაიმე გამართლებას ამაშიც გამოძებნის, მაგრამ განა ეგ საქმეა?

მასეა, რაღაცის რაღაცით გამართლება ყოველთვის მოხერხდება, ოღონდაც ცუდ საქმეს კარგი შედეგი არ მოჰყვება...

* * *
...გიორგი მეგრელაძე 15-16 წლის იყო, წყალტუბოს "სამგურალში" რომ თამაშობდა და გოლები გაჰქონდა. მერე ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა, მეგოლე თავდამსხმელად ჩამოყალიბდა. მამამისი, მერაბ მეგრელაძე ნამდვილი გოლეადორი იყო, მას მთელ საბჭოთა კავშირში იცნობდნენ. ნიჭი შვილზე გადავიდა.

გიორგი მეგრელაძეც მეგოლედ არის დაბადებული. ეს ან გაქვს, ან არ გაქვს, ამის ვარჯიშითა და შრომით შექმნა შეუძლებელია - უმცროს მეგრელაძესაც ასეთი ნიჭი აღმოაჩნდა. მას ბევრი სასწაული ბურთი აქვს გატანილი, ისეთი პოზიციიდან დაულაშქრავს კარი, რომ ამას მხოლოდ ის თუ მოახერხებდა.

ასეთი მეგოლეები ფეხბურთს ალამაზებენ, მოულოდნელობის ფაქტორს ამძაფრებენ, ქმნიან იმას, რაც ყველაზე მთავარია ფეხბურთში - გოლი.

გიორგი მეგრელაძემ რამდენიმე უცხოური გუნდი გამოიცვალა, მაგრამ საზღვარგარეთ ვერ გაიბრწყინა. ის საქართველოში ბრუნდებოდა, გაიტანდა გოლებს და მერე ისევ სხვა ქვეყანაში გადაბარგდებოდა.

ერთხელ ყაზახურ "ჟეტისუში" წავიდა. საქართველოში ჩამოსულს წონა ისე მოემატებინა, რომ მუცელი წამოზრდილი ჰქონდა. ასეთ კონდიციაში "ბორჯომში" მივიდა და გოლების გატანა ხელახლა დაიწყო. მუცელწამოზრდილი მეგრელაძე სხვა თავდამსხმელებზე ერთი თავით მაღლა დადგა...

ცხოვრებისეული ფათერაკებიც არ აკლდა, საგოლე ალღო კი არასდროს დაუკარგავს. ფეხბურთი "დინამო თბილისშიც" კარგად ითამაშა, გოლები "დინამოსთვისაც" გაიტანა.

ორი წელი ისე გავიდა, მის ფეხბურთელობაზე არაფერი გამეგო, მაგრამ თურმე რა ხდება - გიორგი მეგრელაძე ისევ აპირებს მოედანზე გასვლას და გოლების გატანას. ამ საქმეს მარტვილის "მერანისთვის" ეშურება.

გიორგი 34 წლისაა, მამამისმა კი ფეხბურთელობას თავი 43 წლისამ დაანება. ასე რომ, გიორგის დაბრუნებაში დიდად საკვირველი არაფერია.

დიდად გასაკვირი არაფერია