მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არის. ამის შესახებ კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის გენერალურმა მდივანმა საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
„გუშინაც იქნა განცხადებები გაკეთებული ჩვენი მხრიდან, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჩართულობით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დავსხდეთ მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმატში და არა დამხობებით, გადატრიალებით და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.
8 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.
ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.