იცით, როგორია ძალზე მგრძნობიარე ადამიანად ყოფნა? ან არსებობს თქვენს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი?
ამ საკითხში მსოფლიოს მოწინავე ექსპერტის, ფსიქოლოგ ილეინ ერონის თანახმად, ასეთი ტიპის ადამიანებს მეტად მგრძნობიარე ნერვული სისტემა აქვთ, რაც საშუალებას აძლევთ, რომ უმრავლესობისგან განსხვავებით, ინფორმაცია უფრო სიღრმისეულად აღიქვან და შესაბამისად, უფრო ძლიერი რეაგირებაც მოახდინონ. აღსანიშნავია, რომ ეს მემკვიდრეობითი, ბიოლოგიური წინაგანწყობაა, რომელიც მთელი მსოფლიო მოსახლეობის 15-20%-ში შეინიშნება.
იმ მიზეზის გამო, რომ მაღალმგრძნობიარე ადამიანებს გაძლიერებული ფიზიკური, გონებრივი და ემოციური შეგრძნებები ახასიათებთ, მათ ზედაპირის მიღმა ისეთი რაღაცების დანახვა შეუძლიათ, რასაც სხვა ბევრი ჩვენგანი ხშირად ვერც კი ამჩნევს. ასეთი ტიპის ინდივიდები მიდრეკილნი არიან, რომ იყვნენ: ინტუიციური, ემოციური, ტკბილმოუბარი და ალტრუისტული. ამასთან, არიან საოცრად ერთგულები, მზრუნველები და ბუნებით აღმზრდელები, ასე რომ, თუკი ძალზე მგრძნობიარე მეგობარი გყავთ, მაშინ შეგიძლიათ, თავი წარმოუდგენლად იღბლიან ადამიანად ჩათვალოთ.
იმაში გასარკვევად, თქვენი მეგობარი ნამდვილად მაღალმგრძნობიარე ადამიანია თუ არა, სტატიაში აღწერილი 10 განსაზღვრული ნიშანი დაგეხმარებათ.
მათ კარგად შეუძლიათ ადამიანების ამოცნობა
მეტად მგრძნობიარე ადამიანებს სხვა პიროვნებებისა და მათი ემოციების ამოკითხვის უნარი აქვთ. და ვინაიდან, გარშემო ყველაფერს მარტივად ითავისებენ, მათთვის მარტივია, რომ განცდები მხოლოდ სახის მიმიკების, მანერებისა და სხეულის ენის საფუძველზე ამოიცნონ. ისინი დაკვირვებულები, ინტუიციურები და არავერბალურ კომუნიკაციაში საოცრად გაწაფულები არიან. ასე რომ, თუკი სულ გიკვირთ, თქვენმა მეგობარმა ყოველთვის საიდან იცის, თუ რაზე ფიქრობთ ან როგორ გრძნობთ თავს მაშინაც კი, როცა ამაში ჯერ თავადაც არ გარკვეულხართ, გეტყვით: ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ საქმე მეტად მგრძნობიარე ადამიანთან გაქვთ.
ისინი საკითხებს უღრმავდებიან
არ აქვს მნიშვნელობა, საქმე ტანისამოსის არჩევას ეხება, სანახავ ფილმს თუ ლანჩის მისართმევად საპოვნელ ადგილს, თქვენი მგრძნობიარე მეგობარი არასოდეს გადაწყვეტს რამეს იქამდე, სანამ უპირველესად ყველაფერზე არ დაფიქრდება. მათ მოსწონთ არჩევანის გაკეთებამდე სხვებისთვის აზრის კითხვა და საკმარის დროსაც უთმობენ საკუთარ სურვილებში გამორკვევას. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი ტიპის ადამიანები სხვას არ მიუთითებენ, თუ რა უნდა გააკეთონ, მაგრამ თუკი ეს პასუხისმგებლობა მაინც დაეკისრებათ, დიდხანს და ბევრს იფიქრებენ იმაზე, თუ რა იქნება ყველასთვის საუკეთესო არჩევანი. ანალიტიკური აზროვნებისა და წვრილმანებზე ჩაკირკიტების წყალობით, ისინი კარგად აცნობიერებენ, თუ რა გავლენა აქვს მათ სიტყვებსა და ქცევებს ხალხზე.
მათ მარტივად აღელვება ახასიათებთ
არ აქვს მნიშვნელობა, ექსტროვერტები არიან თუ ინტროვერტები, მაღალმგრძნობიარე ადამიანებს არ უყვართ ხალხმრავლობაში გამოჩენა. ისინი ცდილობენ, რომ გვერდი აუარონ ისეთ ადგილებს, სადაც ხმაური, ძლიერი განათება ან არეულობაა, შესაბამისად, წვეულებები, ღამის კლუბები, კონცერტები და ფესტივალები მათი საქმე ნამდვილად არ არის. გახსოვდეთ, რომ თუკი თქვენი მეგობარი მეტად მგრძნობიარე ადამიანია, მაშინ მასაც სჭირდება გარკვეული დრო და სივრცე მარტო ყოფნისთვის, რათა თავი დააღწიოს დიდხნიანი ფსიქოლოგიური დატვირთვით გამოწვეულ სტრესს. ასეთი ტიპის პიროვნებებს მარტივად აღელვება ახასიათებთ და ხშირად სხვების ემოციებს სწრაფად ისრუტავენ. ამგვარად, თუკი ისე მოხდა, რომ ცუდ განწყობაზე ხართ, დიდი ალბათობით, თქვენი მეგობარიც ანალოგიურ ხასიათზე დადგება
ისინი ვერ უძლებენ სისასტიკეს
გმფარველობთ ხოლმე თქვენი მეგობარი? ან ოდესმე გამოგსარჩლებიათ, როცა ვინმე ცუდად გექცეოდათ? სხვისგან თუ დაუცვიხართ? მაღალმგრძნობიარე ადამიანებს კარგად ეხერხებათ სწორისა და არასწორის ერთმანეთისგან გარჩევა და ამგვარად, მათთვის რთულია უდარდელად ჯდომა მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ ვიღაცას ჩაგრავენ ან უსამართლოდ ეპყრობიან. ძალადობის ამსახველი გრაფიკული გამოსახულებებიც კი მათ თავს არაკომფორტულად აგრძნობინებს, რადგან ხშირად ისინი სხვის ტკივილს ისე აღიქვამენ, როგორც საკუთარს. ასეთი ტიპის ინდივიდები არასოდეს ამცირებენ სხვას იმისათვის, რომ თავი უკეთ იგრძნონ. მათ თანასწორობისა და სამართლიანობის სჯერათ.
ისინი ძალიან ემპათიურები არიან
კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება, რომლითაც მაღალმგრძნობიარე ადამიანები გამოირჩევიან, მათი გასაოცარი თანაგრძნობის უნარია. ეს მხარდამჭერი და გამგები ინდივიდები ყველას თვალსაზრისს განიხილავენ და სხვებს აგრძნობინებენ, რომ მათ ვიღაც უსმენს. ისინი ერთ-ერთი ყველაზე გულისხმიერი და ყურადღებიანი ადამიანები არიან, ვისთანაც კი შესაძლოა შეხვედრის პატივი გქონდეთ, ხოლო თუკი ასეთი მეგობრები გეგულებათ, მაშინ კიდევ უფრო გაგიმართლათ.
ისინი საუკეთესო მსმენელები არიან
თქვენი მეგობარი ყოველთვის პოულობს დროს, რომ მოგისმინოთ? გიგრძნვიათ, რომ ამ დროს ის მართლა ცდილობს, მთელი ყურადღება დაგითმოთ? მაღალმგრძნობიარე ადამიანები კარგი მსმენელები არიან და ყოველთვის მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში მეგობარს ყური დაუგდონ. ეს მხარდამჭერი და ნუგეშისმცემი ინდივიდები დიდი სიხარულით მოუსმენენ თქვენს პრობლემებს და ემოციებში გამორკვევაში დაგეხმარებიან. გაითვალისწინეთ, რომ მათ წარმოუდგენლად გამჭრიახი და შესანიშნავი რჩევების მიცემაც შეუძლიათ.
ისინი ძალიან კარგად იცნობენ საკუთარ თავს
მეტად მგრძნობიარეთა უმეტესობა ღრმა მოაზროვნე და მდიდარი შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანია. გაძლიერებული მგრძნობელობის გამო, უმეტესობისგან განსხვავებით, მათ შესაძლებლობა აქვთ თვითდაკვირვებას მიმართონ და კარგად შეიცნონ საკუთარი თავები. მართლაც, ვინაიდან ასეთი პიროვნებები მუდმივად აკვირდებიან საკუთარ ფიქრებს, განცდებსა და შეხედულებებს, ისინი თავიანთ თავებს იმაზე უკეთ იცნობენ, ვიდრე სხვები. ამის შედეგად კი, ხშირად გამოირჩევიან თვითკრიტიკული იუმორით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს და აღიარებენ როგორც საკუთარ ძლიერ, ისე სუსტ მხარეებს.
ისინი მგზნებარეები არიან
ზოგიერთისთვის მაღალმგრძნობიარე ადამიანები ზედმეტად გულჩვილი და დრამების მოყვარული ხალხია, თუმცა რეალურად, ისინი დიდი გულის მქონე, მგზნებარე ინდივიდები არიან, რომლებიც ბოლომდე უძღვნიან საკუთარ თავებს იმ საქმეს, რასაც ხელს მოჰკიდებენ და მთელი გულით შეიგრძნობენ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს. ისინი ენთუზიაზმით აღსავსე, თავისუფალი, იდეალისტი და მტკიცე ადამიანები არიან. ისინი საკუთარი რწმენის ერთგულები რჩებიან და ყველაფრის მიუხედავად, საკუთარ თავთან ალალმართლები არიან.
ისინი შემოქმედებითები არიან
კვლევების თანახმად, მაღალმგრძნობიარე ადამიანების უმეტესობა ხელოვნებისკენაა მიდრეკილი. იმ მიზეზის გამო, რომ სხვებისგან განსხვავებით, უფრო ინტენსიური და ძლიერი ემოციები აქვთ, მათი ძირითადი ნაწილი განცდებს ისეთი შემოქმედებითი გზით გამოხატავს, როგორიცაა ხატვა, წერა, სიმღერა ან ცეკვა. მათთვის მარტივია მუსიკის მელოდიასა და ფუნჯის მოსმის პროცესში ჩაკარგვა. მათ უყვართ საკუთარი თავის გამოხატვა და დიდად აფასებენ მუსიკას, ხელოვნებას, პოეზიას, ბუნებასა და ყოველივე მშვენიერს.
ისინი ემოციურად გახსნილები არიან
და ბოლოს, მაღალმგრძნობიარე ადამიანის ამოსაცნობად, ალბათ, ყველაზე მარტივი ნიშან-თვისება ისაა, რომ მათ საკუთარი განცდები სააშკარაოზე გამოაქვთ. ასეთი ტიპის ინდივიდებს არ აშინებთ ემოციური ღიაობა. მათ მგზნებარედ უყვართ და ცხოვრებას ძირფესვიანად უღრმავდებიან, მარტივად სტკივათ, ტირიან და ზოგჯერ გადამეტებული ემოციებისგან აღელვების გამო ადვილად სწყინთ კიდეც. თუმცა ხშირად მცირედიც კი ბევრს ნიშნავს მათთვის. ასე რომ, ისინი ჩვენ გარშემო არსებული ერთ-ერთი ყველაზე უმანკო და დიდსულოვანი ადამიანები არიან.
ამგვარად, თუკი მაღალმგრძნობიარე მეგობარი გყავთ, სათანადოდ დააფასეთ ის. როცა ასეთი ხარ, ცხოვრებისთვის მიმართულების მიცემა, შესაძლოა, ზოგჯერ რთულიც აღმოჩნდეს, თუმცა თქვენ უამრავი ისეთი რამის გაკეთება შეგიძლიათ, რითაც მეგობარს ამ პროცესს გაუმარტივებთ. პირველ რიგში, მათთვის ემოციების გაზიარებისას გულწრფელობა შეინარჩუნეთ, პატივი ეცით მგრძნობიარე მეგობრების საზღვრებსა და პირად სივრცეს და გააზრებული კომუნიკაცია იქონიეთ. წაახალისეთ და არასოდეს აგრძნობინოთ, რომ მიმღებლობისთვის მათი შეცვლაა საჭირო, რადგან თავიანთი სიკეთით სწორედ მაღალმგრძნობიარე ადამიანები აქცევენ სამყაროს უკეთეს ადგილად.