შაბათს, 31 ოქტომბერს, დადასტურდა, რომ Chanel 5-ის ახალ სერიალში ინგლისის დედოფალ ენ ბოლეინის როლს ჯოდი ტერნერ-სმიტი შეასრულებს.
Queen & Slim-ის ვარსკვლავი ტიუდორების ეპოქის ისტორიული ფიგურის როლს სამნაწილიან ფსიქოლოგიურ დრამაში მოირგებს.
სერიალის მსახიობებს შორის ასევე არიან პააპა ესიედუ, ამანდა ბარტონი, ჯამაელ უესტმანი, თალისა ტეისეირა და ბარი უორდი.
სერიალი ენ ბოლეინის ცხოვრების ბოლო თვეებზე მოგვითხრობს მისი პერსპექტივიდან — მათ შორის მის მიერ პატრიარქატთან დაპირისპირებას, შვილისთვის კარგი მომავლის უზრუნველყოფისთვის ბრძოლასა და მრავალ სხვას.
ენ ბოლეინი 1533-1536 წლებში ინგლისის დედოფალი იყო მეფე ჰენრი VIII-ის ცოლის რანგში. ის ბრიტანეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურაა მისი და მეფის ხმაურიანი ქორწინების, სახელმწიფო ღალატისა და საბოლოოდ თავის მოკვეთის გამო.
ჯოდიმ ამ როლის შესახებ საკუთარი აღფრთოვანება ცოტა ხნის წინ Variety-სთან საუბარში გამოხატა:
"ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ გასაოცარ გუნდს შევუერთდი და ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო დედოფლის ამბავს ერთად გავაცოცხლებთ დიდ ეკრანზე. ენ ბოლეინის ფატალური სისუსტეებისა და ნაკლოვანებების გამოკვლევის ფონზე მისი განუზომელი სიძლიერის სიღრმეებში ჩასვლით ივის სცენარმა მყისიერად დაიპყრო ჩემი წარმოსახვა. ლინსი მილერის ხელში ამ განმაცვიფრებელი დედოფლისა და ძლიერი დედის ლეგენდა წარმოჩინდება, როგორც ღრმად ადამიანური ამბავი, რომელიც დღესაც კი ძალიან რელევანტურია. მოუთმენლად ველი, რომ ამ საკულტო ქალის ამბის ხელახლა მოთხრობაში ჩემი გული და სული ჩავდო", — თქვა ტერნერ-სმიტმა.
სამწუხაროდ, ამ როლზე ჯოდის დამტკიცებას დადებითად ყველა არ შეხვედრია. ხალხის ბრაზი იმაზე ფიქრს არ გამოუწვევია, რომ მსახიობი უნიჭოა. მთავარი მიზეზი იყო აშკარა განსხვავება ჯოდისა და ენ ბოლეინს შორის: მათი რასა.
ზოგმა ადამიანმა აღნიშნა, რომ თეთრკანიანს არასდროს აიყვანდნენ შავკანიანი ისტორიული ფიგურის როლზე.
"ენ ბოლეინი თეთრკანიანი იყო. თეთრკანიან მსახიობს არ აიყვანდნენ ცნობილი შავკანიანი ისტორიული ფიგურის როლის შესასრულებლად და ეს 'გათეთრებად' ჩაითვლებოდა. ჩემი აზრით, იგივე მიესადაგება საპირისპირო შემთხვევასაც".
სხვებმა კი თქვეს, რომ მსახიობები, მათ შორის თეთრკანიანი მსახიობები, საუკუნეების განმავლობაში ასრულებდნენ სხვა რასებისა და ეთნოსების წარმომადგენელი პერსონაჟების როლებს.
"ნუ, ყველა იმ ჯერს თუ არ ჩავთვლით, როდესაც თეთრკანიანი მსახიობი *აიყვანეს* შავკანიანი პერსონაჟის როლზე. აი, რამდენიმეს აქ ნახავთ:"
"მივმართავ მათ, ვინც ენ ბოლეინის როლზე შავკანიანი მსახიობის აყვანამ აღაშფოთა: შეგახსენებთ, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პირველი ქალი, რომელმაც ენის როლი შეასრულა, ჯერ კიდევ 1933 წელს იყო — ინდური/პოლინეზიური წარმომავლობის მერლი ობერონი — და მან ძალიან მაგრად ითამაშა ისევე, როგორც ჯოდი ტერნერ-სმიტი იზამს აუცილებლად".
ასევე იყვნენ ისეთებიც, ვისაც, უბრალოდ, ძალიან გაუხარდა მორიგ შესანიშნავ როლზე ჯოდის დამტკიცება.
"ჯოდი ტერნერ-სმიტი ენ ბოლეინის როლს შეასრულებს და ასე ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ".
ამ არეულობისა და მღელვარების მიუხედავად, ჯოდიც და რეჟისორი ლინსი მილერიც დიდი ენთუზიაზმით ელიან ენ ბოლეინის ამბისთვის ხორცის შესხმას:
"წარმოუდგენლად მიხარია, რომ ივის გასაოცარ სცენარს შეუდარებელ @MissJodie-ისთან ერთად გავაცოცხლებთ ჩვენი დედოფლის როლში. საოცნებო მსახიობები. საოცნებო პროდიუსერები. და საუკეთესო კრეატიული გუნდი".
"მადლობა @lynseymiller8 !!!!"
სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ისტორიკოსი დენ ჯონსი იქნება, საერთაშორისო დონეზე მის დისტრიბუციას კი Sony Pictures Television გაუძღვება.