ერთხელ ასმათ ტყაბლაძე, ნანული სარაჯიშვილი და გია ფერაძე ზეიკო ბოცვაძესთან გვიანობამდე ქეიფობდნენ. ისედაც სერიოზული ასმათი ამჯერად მანქანით იყო და წვეთს არ სვამდა.
შუა ქეიფში გია საეჭვოდ გადიოდა ოთახიდან და მალევე ბრუნდებოდა. როგორც მერე გაირკვა, თურმე, ასმათის დედას ურეკავდა:
- ქალბატონო, ასმათს გადაეცით, რომ დარეკა კოტე თოლორაიამ და როდესაც მოვა, აუცილებლად დამირეკოს, გადაუდებელი საქმე მაქვსო.
ასმათი გამთენიისას დაბრუნდა სახლში. დედამ გადასცა კოტე თოლორაიას თხოვნა. ჭოჭმანის შემდეგ ასმათმა მაინც დაურეკა ბატონ კოტეს.
- ბატონო კოტე, ასმათი ვარ ტყაბლაძე.
- ვინ, ვინ? – ჰკითხა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა კაცმა.
- ასმათი,
ტყაბლაძე, თქვენი თანამშრომელი. თქვენ ჩემთან დაგირეკავთ და დედასთვის გითხოვიათ, მოსვლისთანავე აუცილებლად დამირეკოსო.
- მეეე? დამირეკავს? შენს დედასთან? შვილო ასმათ, მე არსად დამირეკავს, შენ თავად ხომ არ გაგირეკავს ამ უთენიაზე? – უკითხავს ბატონ კოტეს.
ასმათი უცებ მიხვდა, რომ ეს გიას ოინი გახლდათ.