კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, 15 წლის გოგო საუნივერსიტეტო კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ შეიყვანეს და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 38936 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22691-ს შეადგენს. გარდაიცვალა 307 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.