და აი ისიც — კორონავირუსით შთაგონებული პირველი ფილმიც გამოჩნდა

და აი ისიც — კორონავირუსით შთაგონებული პირველი ფილმიც გამოჩნდა

კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპებზე ყველა სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამდა, თუ რას უნდა ველოდოთ მომავალში და მათ შორის იყვნენ კინოს მოყვარულებიც: მაყურებლებმა წინასწარვე კარგად იცოდნენ, რომ ამ თემის შესახებ უახლოეს მომავალში მრავალი ფილმი გამოვიდოდა.

და აი ისიც, პირველი მერცხალი გამოჩნდა.

Songbird (მგალობელი ჩიტი) — ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომლის სიუჟეტიც 2024 წელს ვითარდება და ახალი ვირუსის, COVID-23-ის გავრცელების შედეგად შემწარავ გლობალურ ვითარებაზე მოგვითხრობს.

აშშ-ში ჰელოუინის წინ გამოქვეყნებული ტრეილერი დრამატულ ელემენტებთან ერთად, პანდემიისას მაყურებლის შიშების ეკრანზე ახდენასაც გვპირდება:

როგორც ტრეილერიდან ვიგებთ, ახალი ვირუსი გაცილებით მომაკვდინებელია, ვიდრე ამჟამინდელი კორონავირუსი: სცენარის მიხედვით, მის გამო წელიწადში 8,4 ადამიანი იღუპება, რის გამოც ოთხწლიანი მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

სწორედ კარანტინში ვითარდება ძირითადი სიუჟეტური ხაზი შეყვარებულ წყვილს შორის, რომელთაგან ერთს ვირუსზე იმუნიტეტი აქვს, მეორე კი დაინფიცირებული მეზობლის გამო დიდ საფრთხეშია.

"აქ დისტოპიური, საშიში სამყაროა აღწერილი, თუმცა ამავდროულად რომანტიკული ფილმია ორ ადამიანზე, რომელთაც ერთად ყოფნა უნდათ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ. ეს არის რომეო და ჯულიეტას ისტორია, რომლებსაც კარი და ვირუსი აშორებს ერთმანეთთან", — განაცხადა ინტერვიუში ფილმის რეჟისორმა, ადამ მესონმა.

აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებები წელს, კორონავირუსისგან გამოწვეულ ნამდვილ კარანტინში მიმდინარეობდა, რაც, როგორც რეჟისორი აღნიშნავს, განსაკუთრებით უნიკალური გარემოება იყო გადასაღებ მოედანზე: ფილმების გმირებივით გადამღებ თუ სამსახიობო გუნდის წევრებს მართლა უწევდათ მკაცრი უსაფრთხოების ზომების დაცვა.

ჯერჯერობით, Songbird-ის პრემიერის თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბევრს ნამდვილად არ გვალოდინებენ.