„ტრამპის მეორე ვადის შემთხვევაში შეწყდება ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიების დაფინანსება“

„ტრამპის მეორე ვადის შემთხვევაში შეწყდება ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიების დაფინანსება“

დონალდ ტრამპი თუ ჯო ბაიდენი - 3 ნოემბერს აშშ-ის მოსახლეობა ირჩევს რიგით 45-ე პრეზიდენტს. დღეს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტია რესპუბლიკელი დონალდ ტრამპია, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა გლობალისტებს, ნეოლიბერალებს და ნეოკონსერვატორებს. წამყვანი მედიის 90%, ასევე ჰოლივუდი და შოუ ბიზნესის წარმომადგენელთა  უმრავლესობა ტრამპის წინააღმდეგ გამოდის. ტრამპი არც სახელმწიფო ბიუროკრატიას მოსწონს, მაგრამ ამის მიუხედავად, მოქმედი პრეზიდენტი მაღალი რეიტინგით სარგებლობს. პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის ირაკლი გოგავას განცხადებით, საარჩევნო შეხვედრებზე ტრამპი საშუალოდ 25-30 ათას ადამიანს აგროვებს, ხოლო ბაიდენი რამდენიმე ასეულს.

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

ბატონო ირაკლი 3 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, სადაც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჯო ბაიდენი უპირისპირდებიან ერთმანეთს. სოციოლოგიური გამოკითხვების უმრავლესობა ბაიდენის წარმატებას წინასწარმეტყველებს. რა შედეგს უნდა ელოდს ამერიკა?

ირაკლი გოგავა: მართალია, სოციოლოგიური გამოკითხვები ბაიდენს აყენებს წინ, თუმცა ეს გამოკითხვები ძირითადად მედიის დაკვეთილია. მედიის დაკვეთილი გამოკითხვები კი, ძირითადად, მიკერძოებულია, რადგან გამოკითხვას მედია აფინანსებს, ხოლო მედიას კი კონკრეტული მფლობელები ჰყავს, რომელთაც მხარე აქვთ ხოლმე დაკავებული თავისი მერკანტილური ინტერესის შესაბამისად. სამწუხაროდ, ასეა თანამედროვე მსოფლიოში. მედია-კველვებს არ უნდა ვენდოთ. შედარებით სანდო კვლევებით ტრამპი ლიდერობს.

კვლევების გარდა თუ არსებობს მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია გავარკვიოთ, თუ ვინ არის წინ ორ კანდიდატს შორის?

- არსებობს ირიბი ინდიკატორები, რომელიც გვეუბნება რეალურ სიტუაციას. მაგალითად, ტრამპი საარჩევნო შეხვედრებზე საშუალოდ 25-30 ათას ადამიანს აგროვებს, ხოლო ბაიდენი რამდენიმე ასეულს. საარჩევნო კამპანიის მოხალისეების რაოდენობით ტრამპი წინ არის - მას 2,5 მილიონზე მეტი მოხალისე ეხმარება უხელფასოდ. ეს ფულად გამოსახულებაში $7 მილიარდზე მეტია. შემომწირველების რაოდენობა ტრამპს მეტი ჰყავს. შემოწირულობებიც მეტი მოაგროვა. ორივე მხარემ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა უკვე. სოციალურ ქსელებში მიმდევრებიც მეტი ჰყავს ტრამპს: „ტვიტერზე“ - 87 მილიონი, ხოლო ბაიდენს - 11 მილიონი. „ფეისბუკზე“ ტრამპს 30 მილიონი მიმდევარი ჰყავს, ხოლო ბაიდენს - 3 მილიონი.

არიან მეცნიერები, რომლებიც სპეციალური მოდელებით ითვლიან, თუ ვინ მოიგებს. მათი უმრავლესობაც ტრამპს ანიჭებს უპირატესობას. ტრამპს მხარს უჭერს არმიის, პოლიციის, ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის 90%-ზე მეტი. თეთრი მოსახლეობის უმეტესობა. შავკანიანების 19%, მაშინ, როცა წინა არჩევნებზე მხოლოდ 10% იყო. ტრამპმა საოცარი ნაბიჯები გადადგა ებრაელების სასარგებლოდ, რომლებიც ამერიკაში 6 მილიონამდე არიან. ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა იერუსალიმი, აღიარა გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად და არაბულ ქვეყნებს დაამყარებინა დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელთან.

ისრაელში მას მესიასაც კი უწოდებს ზოგიერთი და გოლანის მაღლობებს ტრამპის მაღლობები უწოდეს. გოლანის მაღლობები თავის დროზე სირიას ეკუთვნოდა. ახლო აღმოსავლეთში ამ უპრეცენდენტო ნაბიჯებისთვის ტრამპი ნობელის პრემიაზე სამჯერ წარადგინეს წელს. $45 მილიარდი გამოყო პუერტო რიკოს განვითარებისთვის, პუერტო რიკოელების რაოდენობა ამერიკაში 5,8 მილიონია. ყველა ანალიზით, ტრამპს ახლა მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ჰქონდა 2016 წელს.

მედია ტრამპის წინააღმდეგ არის, როგორ ახერხებს ამ საინფორმაციო ბლოკადის გარღვევას?

- მართალია, წამყვანი მედიის 90% ტრამპის წინააღმდეგ არის, ასევე ჰოლივუდი და შოუ ბიზნესის უმრავლესობაც. სახელმწიფო ბიუროკრატიასაც არ მოსწონს ის. მაგალითად, 2016 წელს დედაქალაქ ვაშინგტონში, სადაც პოლიტიკური ისტებლიშმენტია თავმოყრილი, მან ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - მხოლოდ 4%. მისმა მოწინააღმდეგე ჰილარი კლინტონმა კი 91%. ის არ არის სისტემის ნაწილი, არ არის ვაშინგტონის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი, მან გააჩერა ათწლეულების განმავლობაში დალაგებული სქემები, მათ შორის კორუფციული, ეს კი პოლიტიკური ელიტის უკიდურეს უკმაყოფილებას იწვევს. ტრამპმა ბრძოლა გამოუცხადა გლობალისტებს, ნეოლიბერალებს და ნეოკონსერვატორებს. მაგრამ, „მეინსტრიმული“ მედიის ანტიტრამპისტულ პოზიციას ის აბალანსებს ადგილობრივი ტელევიზიების და რადიოსადგურების მეშვეობით, რომელთა უმრავლესობა მას არ ბლოკავს. ასევე ყველაზე პოპულარული ტელევიზია „ფოქსნიუსი“ მას აძლევს ეთერს, თუმცა 100%-ით მისი მხარდამჭერი არ არის. ტრამპი აქტიურია „ტვიტერზე“, „ფეისბუკზე“ და სხვა სოციალურ ქსელებში, თუმცა იქაც ზეწოლას განიცდის. მაგალითად, წელს ტრამპის 65 პოსტი და პუბლიკაცია დაბლოკეს, ბაიდენის კი არც ერთი. სოციალური ქსელები რეალურად მის წინააღმდეგ მოქმედებენ. ამიტომაც 2018 წელს ამერიკაში შეიქმნა ახალი სოციალური ქსელი Parler და გააქტიურდა სოციალური ფორუმები 4chan და 8kun. თუმცა ძირითადი პოლიტიკური სიმძიმე მაინც „ტვიტერზეა“.

ბევრი აცხადებს, რომ არჩევნებს დაპირისპირება მოყვება, რადგან მხარეები არ აპირებენ დამარცხება აღიარონ, ეს ღიად განაცხადა ბაიდენმა...

- დღეს აშშ-ში ისეთი სიტუაციაა, რომ გამორიცხული არაფერი არ არის. თუმცა, ვფიქრობ, რომ მშვიდობიანად მოხდება გამარჯვებულის გარკვევა. არჩევნებამდე ყველა ყელყელაობს, ჩვენთანაც ასეა. თუმცა ამერიკაში სასამართლო სისტემა მუშაობს. მაგალითად ჯორჯ ბუშს და ალ გორს შორის გამარჯვებული რეალურად უზენაეს სასამართლოში გაირკვა 2000 წელს. შესაძლოა, ეს ახლაც დაჭირდეს საქმეს. უზენაეს სასამართლოში კი 6 კონსერვატორია და 3 ლიბერალი. თუ რადიკალური ჯგუფები გამოვლენ ქუჩაში, არსებობს 700,000 პოლიციელი და 400,000-ანი ეროვნული გვარდია.

უკიდურეს შემთხვევაში, ამერიკას თავის ტერიტორიაზე 1,2 მილიონიანი არმია ჰყავს და კიდევ 200,000 ამერიკის საზღვრებს გარეთ. არსებობს პროგნოზები და ათასგვარი მითქმა-მოთქმა, რომ დაიწყება დაპირისპირება, გლობალისტები შლიან ამერიკას, ნეოლიბერალები ძირს უთხრიან ამერიკის ძლევამოსილებას და ასე შემდეგ, თუმცა ცენტრიდანულ აჩქარებას ამერიკის შტატებში მე ვერ ვხედავ. ცოტა ხნის წინ John Zogby-მ ჩაატარა გამოკითხვა კალიფორნიის შტატში, სადაც ყველაზე მეტია ნეოლიბერალების და დემოკრატების კონცეტრაცია და მხოლოდ 30% უჭერს მხარს აშშ-დან გასვლას. ამიტომ დეზინტეგრაციულ პროცესებს სერიოზული საფუძველი არა აქვს, თუ ძალით არ მოიგონეს პოლიტიკოსებმა. ტრამპი კი შანსია ამერიკისთვის, რომ მისთვის დამღუპველ ვექტორს თავი დააღწიოს.

საქართველოზე რა გავლენას მოახდენს ამერიკის არჩევნები, ექნება კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენთვის?

- უდავოდ ექნება. დემოკრატებმა 2008 წელს აპატიეს რუსეთს საქართველოს ოკუპაცია და ურთიერთობების „გადატვირთვა“ შესთავაზეს. შედეგად მივიღეთ უკრაინის ამბები. ტრამპი შედეგზე ორიენტირებულია, ნახეთ რა გააკეთა ისრაელში? ისრაელის ვიზით დუბაიში უცხოელებს არ უშვებდნენ, დღეს კი პირდაპირი რეისი სრულდება თელ-ავივიდან ემირატებში. ერთად დასვა სერბეთი და კოსოვო, განმუხტა ჩრდ.კორეის კრიზისი, ევროპის ქვეყნებს $140 მილიარდი დაადებინა დამატებით ნატო-სთვის. რუსეთს სანქციებით რეალური წნეხი შეუქმნა.

რაც მთავარია, ერთადერთი პრეზიდენტია ამერიკაში ბოლო ათწლეულებში, ვინც არ აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს. იყენებს მხოლოდ წერტილოვან დარტყმებს უკიდურეს შემთხვევაში და გაჰყავს ამერიკელი ჯარისკაცები. ტრამპმა შეაჩერა და შეამცირა ამრიკის ბიუჯეტიდან ნეოლიბერალური პროექტების დაფინანსება მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, საქართველოში. ის წინააღმდეგია ქვეყნებში უკონტროლო იმიგრაციის ანუ „ერების აღრევის“ პროექტის, ამიტომაც აშენებს კედელს, როგორც სიმბოლოს ამ ბრძოლის. მას არ მოსწონს თავისი ქვეყნის დეინდუსტრიალიზაცია, დიდი ფარმას დიქტატი, თავისუფალ ვაჭრობას სკეპტიკურად უყურებს და მთავარ მეტოქედ ჩინეთი მიაჩნია.

თავისუფალი ვაჭრობა ჩვენც გვაზარალებს რეალურად. ეს მოდელი სასარგებლოა თანაბრად განვითარებული ქვეყნებისთვის. იმ შემთხვევაში კი, როცა შენ არაფერს აწარმოებ ამით მხოლოდ სხვა ხეირობს ზარალდები. ამის გამო ჩვენთან შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია და ყოველწლიურად მრავალმილიარდიანი მინუსი გვაქვს საგარეო ვაჭრობაში, რაც წარმოადგენს ჩვენთან სიღარიბის მთავარ წყაროს. საკუთარი წარმოების განვითარებას კი გვიბლოკავენ. რეალურად იაფი და დაბალკვალიფიციური მუშახელის წყარო გავხდით განვითარებული ქვეყნებისთვის და თანაც ამ შრომის ფორმალიზებასაც არ აკეთებენ, რომ სოციალური ვალდებულებები არ აიღონ. ეს უსამართლო მოდელია.

საბჭოთა იმპერიის დაშლით ყველამ იხეირა, ჩვენს გარდა - ამ დროს პირველ რიგში ჩვენ უნდა გვეხეირა. ტრამპი აპირებს დაშალოს ან შეასუსტოს გლობალიზაციის ის მოდელი რომელიც მოქმედებს. თანამედროვე სამყაროში გლობალიზაციას ვერ ავიცილებთ თავიდან, მაგრამ მას სამართლიანი ხასიათი უნდა ჰქონდეს. კომუნისტურ ჩინეთს 3 მილიონი ქარხანა ჰქონდეს და საქართველოს არც ერთი - ასე არ ივარგებს. ჩემი გამოთვლებით, ჩვენ გვჭირდება 1500 საშუალო ზომის წარმოება, რომ ეკონომიკა გავაორმაგოთ 5-6 წელიწადში და ადამიანურად ცხოვრების საშუალება მოგვეცეს.

ამ შემთხვევაში ემიგრანტებიც დაბრუნდებიან და ოჯეახებთან ერთად იცხოვრებენ. ამას $7-8 მილიარდის მრეწველობაში ინვესტირება სჭირდება 5-6 წლის განმავლობაში, რაც სავსებით რეალურია. ვფიქრობ, ტრამპის მეორე ვადით მოსვლის შემთხვევაში, მთავრობას შეეძლება მსგავსი ნებართვა მიიღოს, თუ მოინდომებს. ტრამპის მეორე ვადის შემთხვევაში შეწყდება ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიების დაფინანსება, რაც ჩვენთვის მტკივნეული თემაა, რადგან რჯული ჩვენი იდენტობის ნაწილია.

 

Aburjga Tasmanieli მ ა დ ლ ო ბ ა!
3 წლის უკან
trampi ამ კაცის წერილი ყოველთვის ნაღდია და მაგარი......
3 წლის უკან
ზაზა დღეს გეთანხმები
3 წლის უკან
გივი ტრამპს აქებენ მხოლოდ გოიმები ან ჩეკისტები
3 წლის უკან
trampi ესე იგი პროდვინუტებს ლიბერალები მოსწონთ ხომ?? ბაიდენები ობამები და ა.შ.
კაცი ამბობს ოჯახი პირველ რიგშიო და ეს გოიმობაააა??
3 წლის უკან