24 ოქტომბერს ცნობილ ამერიკულ სატელევიზიო გადაცემაში Saturday Night Live მომღერალი ადელი გამოჩნდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა იმის გათვალისწინებით, რომ ადელმა ბოლო ალბომი 2015 წელს გამოუშვა, გასულ წლებში კი იშვიათად აქტიურობდა და თითქმის საერთოდ გაქრა მხედველობიდან.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეს ბრიტანელი მომღერალი ამ შოუში ვიხილეთ: მაგალითად, 2015 წელს მან თავისი ალბომიდან 25 ახალი სინგლი ცოცხლად შეასრულა.
თუმცა ამჯერად ის გადაცემის მასპინძელი იყო და მთელი ყურადღებაც სწორედ მისკენ იყო მიმართული. მართალია, ბევრი გულშემატკივარი ელოდა, რომ ის ამ შოუს ფარგლებში თავის ახალ სიმღერებს გაგვიზიარებდა, თუმცა ადელმა მუსიკალურ ნომრები თითქმის არ შესთავაზა მაყურებელს, სანაცვლოდ კი კომიკური სამსახიობო შესრულებით გაართო ყველა.
გადაცემის გახსნისას ტრადიციულ მონოლოგში ადელი ისე შთამბეჭდავად წარსდგა კამერის წინ, რომ ყველას გული მაშინვე მოიგო.
თუ აქამდე არ იცოდით, ალბათ, ახლა მაინც შენიშნავდით, რომ მომღერალმა წონაში დაიკლო, რაც, ცხადია, არც თავად დაუტოვებია აღნიშვნის გარეშე:
"პანდემიის გამო არსებულმა შეზღუდვებმა და მოგზაურობების აკრძალვამ მაიძულა, მსუბუქად მემგზავრა და მხოლოდ ჩემი ერთი ნახევარი წამოვიღე თან", — იხუმრა ადელმა.
მან ასევე კარგად იცის, რომ ყველა მის ახალ ალბომს ელოდება, რასთან დაკავშირებითაც, მართალია, არც ისე დამაიმედებელი, მაგრამ ახალი ინფორმაცია მაინც გაგვიზიარა:
"ალბომზე მუშაობა არ დამისრულებია. ამის გაკეთება ისევე მაშინებს, როგორც ამ გადაცემის წაყვანა. მირჩევნია, პარიკი დავიხურო, ხუთი ჭიქა ღვინო დავლიო, ან თუნდაც ექვსი, და დაველოდო, რა მოხდება" — აღნიშნა ადელმა.
მომღერალი რამდენიმე კომიკურ სკეტჩში გამოჩნდა და მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი აფრიკული ტურიზმის შესახებ მისი, კეიტ მაკკინონისა და ჰაიდი გარდნერის ვითომ სარეკლამო რგოლი იყო, რომლის დროსაც მომღერალმა სიცილი ვერ შეიკავა.