ყაზახეთმა, გამოგონილ პერსონაჟ ბორატ საგდიევის სამშობლომ, ამ ულვაშიანი ჟურნალისტის ფრთიანი ფრაზა "მშვენიერია!" ახალი ტურისტული კამპანიის სლოგანად გამოიყენა.
რამდენიმე დღის წინ გახმაურებული კომედიის ბორატის მომდევნო ფილმი გამოვიდა, რომლის გამოგონილი მთავარი გმირიც, ჟურნალისტი ბორატ საგდიევი თავის სამშობლოს აღწერს, როგორც ქალთმოძულე, ჰომოფობიურ და ანტისემიტურ ქვეყანას. აღსანიშნავია, რომ იმავე სატირულ განწყობებს ვხვდებით ამ პერსონაჟის შესახებ გადაღებულ პირველ ფილმშიც, რომელიც 2006 წელს გამოვიდა.
მართალია, საშა ბარონ კოენის მონაწილეობით გადაღებული ეს კომედიური ფილმები ერთი შეხედვით დანარჩენ მსოფლიოს ყაზახეთს არც ისე შესაშური სახით წარუდგენს, თუმცა ამ ქვეყნის რეალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბორატის საპასუხოდ ყველას შესთავაზოს ქვეყნის რეალური კულტურის, ბუნებისა და ტრადიციების გაცნობა.
"მშვენიერია" — ამას იმეორებს ხშირად ბორატ საგდიევი სხვადასხვა სიტუაციებში და ყაზახეთის ტურიზმის განვითარების ახალ კამპანიაშიც სწორედ ეს აქციეს მთავარ სლოგანად.
"ყაზახეთის ბუნება მშვენიერია, საკვები მშვენიერია და ხალხიც კი, ბორატის საწინააღმდეგო ხუმრობების მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნოა მთელ მსოფლიოში. ვისურვებდით, ყველამ თავად გაიცნოს ყაზახეთი, გვესტუმრონ 2021 წლიდან და დარწმუნდნენ, რომ ბორატის სამშობლო იმაზე მშვენიერია, ვიდრე წარმოედგინათ", — განაცხადა ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა კაირათ სადვაკოსოვმა.
The Guardian-ის ინფორმაციით, მართალია, წელს ყაზახეთმა ბორატის ირონია თავისი კამპანიის ნაწილად გამოიყენა, თუმცა 14 წლის წინ, პირველი ფილმის გამოსვლისას ქვეყნის გამოხმაურება სულ სხვანაირი იყო: ყაზახეთის ხელისუფლებამ მაშინ ამერიკულ გაზეთებში განათავსა განცხადებები, რომლებიც უარყოფდა ფილმში აღწერილ გარემოებებს და მკითხველს უმტკიცებდა, რომ ქვეყანა გაცილებით თანამედროვეა.