შსს-მ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა

შსს-მ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

„პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს“, - ნათქვამია შსს განცხადებაში.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.