საქართველოს ბანკზე თავდასხმაში სავარაუდო ეჭვმიტანილი კომენტარს ხვალ გააკეთებს

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში სავარაუდო ეჭვმიტანილი კომენტარს ხვალ გააკეთებს

ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმაში სავარაუდო ეჭვმიტანილი ბადრი ესებუა ხვალ გააკეთებს კომენტარს. ამის შესახებ მისმა ძმამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ის ირწმუნება, რომ ბადრი ესებუა უდანაშაულოა და შემთხვევის დღეს ჯარისკაცი სამეგრელოში არ ყოფილა.

„ჩემი ძმა მოვა ხვალ და თვითონ გააკეთებს კომენტარს. მას და მძარცველს შორის არანაირი მსგავსება არ არის, ეს ცილისწამებაა. სიმაღლეშიც არანაირი მსგავსება არ არის და ის თბილისში სამკურნალოდ არის წასული“- ამის შესახებ ბადრი ესებუას ძმამ ბიძინა ესებუამ განაცხადა.

მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ბადრი ესებუა ნამდვილად მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ.

🛑 ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა.

🛑 რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

🛑 თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი სწორედ ბადრი ესებუაა.