სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის ფაქტს კი არ მალავს, არამედ პატიმრის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისგან იკავებს თავს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის ფაქტს კი არ მალავს, არამედ პატიმრის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისგან იკავებს თავს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია ფორმულას ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გასულ სიუჟეტს, რომელშიც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის სუიციდზე იყო საუბარი. სიუჟეტში ითქვა, რომ "პატიმარი მეთადონის პროგრამაში იყო ჩართული. მეთადონზე დამოკიდებულების გამო, ახალგაზრდა მამაკაცს დაუმძიმდა მდგომარეობა და დაეწყო ნარკოტიკული შიმშილი." სიუჟეტის ნარატივი არის იმგვარი, რომ თითქოს სწორედ ეს გახდა სუიციდის მიზეზი.

რეალურად ბრალდებული, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი, პენიტენციურ სისტემაში 2020 წლის 7 ივნისს მოთავსდა. პენიტენციურ დაწესებულებაში მიყვანისას, მან აღნიშნა, რომ მეთადონის პროგრამაში იყო ჩართული, იღებდა 80 მგ მეთადონს.

შესაბამისად, დაწესებულებაში მოთავსებისთანავე გაეწია ნარკოლოგის კონსულტაცია, ჩაერთო მეთადონით დეტოქსიკაციის პროგრამაში და თავდაპირველად დაენიშნა 80 მგ მეთადონი, თუმცა გარდაცვალების მომენტისთვის (დაკავებიდან ოთხი თვის გასვლის შემდეგ) იგი უკვე იღებდა 3 მგ-ს. ეს არის ის დოზა, რომლითაც დეტოქსიკაციის პროგრამა სრულდება. შესაბამისად, ნარკოტიკული შიმშილის და ამ ნიადაგზე ფსიქიკური მდგომარეობის დამძიმების შესახებ საუბარი საფუძველს მოკლებულია და პატიმრის სუიციდის საქმეში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ ტელეკომპანიის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენებას ისახავს მიზნად.

სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებული არა კარანტინის, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იყო მოთავსებული, თუმცა ვინაიდან პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველია, პენიტენციური სამსახური თავს იკავებს ამ მონაცემების გასაჯაროებისგან. ასე მოიქცა სამსახური მაშინაც, როდესაც დაგვიკავშირდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი და ვინაიდან არ იცოდა არც იმ პატიმრის ვინაობა, ვიზეც სიუჟეტს აკეთებდა, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან ითხოვდა ამ მონაცემებს, რაც სამსახურმა არ გასცა. როგორც სიუჟეტიდან ჩანს, ჟურნალისტმა სიუჟეტი ისე მოამზადა, რომ ვერც პატიმრის ვინაობა გაარკვია და ვერც მოცემული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სიუჟეტის ავტორისთვის, რომ უსაფუძვლო ბრალდებები წამოეყენებინა პენიტენციური სამსახურისთვის და უარყოფითად დაეხასიათებინა გარდაცვლილი. თავის მხრივ, პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ როგორც ყველა სხვა პატიმრის, ასევე მოცემული პირის უფლებებიც სრულად იყო დაცული, მას მიეწოდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაბამისი სამედიცინო სერვისი. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულის სუიციდს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ფაქტის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც მომხდარზე დაიწყო გამოძიება. სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მას მიაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია, რაც გამოძიების პროცესში იქნება საჭირო.