„ივანიშვილი რვა წელია გვყოფს, ერთმანეთს გადაგვკიდა, ოჯახები გადაკიდა. ათასი ტყუილი, საზიზღობა, ჭორი გაავრცელა", - ამის შესახებ შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარდგენისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა „საქმის გარჩევების" დრო არ არის.
„თქვენ ხედავთ, როგორ გააქტიურდნენ კრიმინალები. ჩემთვის, ყველაზე კარგი ინდიკატორი თუ რა ხდება საქართველოში, არიან კრიმინალები, იმიტომ, რომ კრიმინალებმა მოიყვანეს ესენი და კრიმინალებს მიჰყავთ ესენი ისევ. კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა. ცდილობენ, რომ რამდენიმე დღე მოიპარონ. ესენი ცდილობენ მოიპარონ მაღაზიებიდან, ბიუჯეტის ქურდები და მღრღნელები ცდილობენ მოიპარონ ტენდერებიდან, მოიპარონ ბიუჯეტში დარჩენილი ბოლო ნამცეცები, რაც არ გაუტანიათ, რადგან მათ იციან, რომ მათი სალაფავის დრო დასრულდა. საქართველოში იწყება წესიერების, პატიოსნების, აღმშენებლობის, მომავლის ეპოქა და ეს ეპოქა იწყება 31 ოქტომბერს, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული", - განაცხადა სააკაშვილმა.