„პოლიციელთა პროფესიონალიზმმა და გმირობამ 43 მძევალი იხსნა და უვნებელი გამოიყვანა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებებს უნდა ველოდოთ. მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ აქაც ხელშესახები შედეგი იქნება.
კითხვაზე ხომ არ იჩქარა მმართველმა გუნდმა, როდესაც ოპერაციას წარმატებული უწოდა, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ პრიოროტეტული ნაწილია, რამდენად პოზიტიურად დასრულდება მძევლების დახსნა, მეორე ნაწილი კი წინ არის და ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ შეიძლება.
მამუკა მდინარაძემ ოპონენტების მხრიდან თემის გამოყენების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მან კრიმინოგენურ ვითარებაზე ოპონენტების კრიტიკასაც უპასუხა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მაგალითად, 6080 ყაჩაღობა იყო 6 წლის (2006-2012) განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ პერიოდში, ბოლო 7 წლის განმავლობაში (2013-2020) კი 1995 ყაჩაღობა გვაქვს სულ.
„ხანდახან, ვიღაცებს აღიზიანებთ სტატისტიკაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მონაცემები. ბოლო წლების სტატისტიკა ავიღოთ - თუ 6080 ყაჩაღობა იყო 6 წლის (2006-2012) განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ პერიოდში, 2013-2020 წლებში 1995 ყაჩაღობა გვაქვს სულ. მკვლელობა - ამავე პერიოდში იყო 1756, 2013-2020 წლებში კი 731; მკვლელობის მცდელობა - 2112, 2013-2020 წლებში - 813. გასაგებია, რომ ყველა პარტიული ლიდერი, მათ შორის მეც, სუბიექტური ვართ, მაგრამ ამის იქეთ არის კონკრეტული მონაცემები და აღმოჩნდა, რომ სამჯერ შემცირებულია დანაშაულის რაოდენობა. თუ ვინმე ამბობს, რომ ამ ქვეყანაში მძიმე დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა, ეს არის ტყუილი, რადგან ის შემცირდა ორნახევარი, სამჯერ და ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, სამართალდამცველების მუშაობის კონკრეტული შედეგი. დანარჩენი არის მანიპულაცია, სპეკულაცია, რომელსაც ოპონენტები კადრულობენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.
თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.